ახალი ამბები

ევრობასკეტი 2017: საქართველომ ლიტვა 2 ქულით დაამარცხა

31 აგვისტო, 2017 • 3095
ევრობასკეტი 2017: საქართველომ ლიტვა 2 ქულით დაამარცხა

ისრაელში მიმდინარე ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვას მოუგო, ანგარიშით: 79:77.

შეხვედრის პირველი მეოთხედი 18:18 დამთავრდა, თუმცა მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცინცაძემ ტრავმა მიიღო და ლიტველები 5 ქულით წინ გაიჭრნენ.

ილიას ზუროსის ნაკრებმა მესამე მეოთხედში დაცვაში კარგი თამაშის წყალობით ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ დაწინაურდა კიდეც. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ლიტვა 2 ქულით დაამარცხა და შესაძლოა ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თელ-ავივის არენაზე გამართულ მატჩში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო 29 ქულით. საქართველოს ნაკრებიდან 13 ქულას მოუყარა თავი დუდა სანაძემ, მაიკლ დიქსონმა 12 ქულა მოუტანა საქართველოს, გიორგი შერმადინმა- 9, ხოლო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ- 8.

B ჯგუფში დღეს გერმანიის ნაკრებმა უკრაინა 12 ქულის სხვაობით დაამარცხა. მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი ჯერჯერობით არ დაწყებულა. მომდევნო შეხვედრას საქართველო 2 სექტემბერს გერმანიის ნაკრებთან გამართავს.

თორნიკე შენგელია. საქართველო VS ლიტვა. ევრობასკეტი 2017. ფოტო: GBF

თორნიკე შენგელია. საქართველო VS ლიტვა. ევრობასკეტი 2017. ფოტო: GBF

მასალების გადაბეჭდვის წესი