ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა OSCE-ს დამკვირვებლებს ცეცხლი გაუხსნეს

31 აგვისტო, 2017 • 2396
სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა OSCE-ს დამკვირვებლებს ცეცხლი გაუხსნეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დღეს, 2017 წლის 31 აგვისტოს, როდესაც ეუთოს [OSCE] დამკვირვებელთა ჯგუფი მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მორიგ მონიტორინგს აწარმოებდა, აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გახსნა.

“აზერბაიჯანულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს ცეცხლი გაუხსნა. მათ აღარ შუძლიათ სამუშაოს გაგრძელება”, – აცხადებს სომხეთის თაცდაცვის უწყების პრესმდივანი არცრუნ ოვანნესიანი.

სომხური მხარის განცხადებას უკვე გამოეხმაურა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეუთოს მონიტორინგი ინციდენტების გარეშე დასრულდა.

თავად ორგანიზაციას ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, “საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა” (ICG) 2017 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი