ახალი ამბები

სტრასბურგში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატი ფაფიაშვილითა და სიჭინავათი შეცვალეს

30 აგვისტო, 2017 • 3857
სტრასბურგში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატი ფაფიაშვილითა და სიჭინავათი შეცვალეს

საქართველოს მთავრობის განკარგულება N1818, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატი ჩანაცვლდა, გუშინ გამოიცა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობამ სამთავრობო კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან შემდეგი ორი პირი შეარჩია:

  1. ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე;
  2. ოთარ სიჭინავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

როგორც განკარგულების ტექსტშია მითითებული, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არა მხოლოდ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის წარდგინება და კომისიის მუშაობის შედეგები, არამედ ასევე მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის წერილი, სადაც ექსპერტები კანდიდატის დადებით მხარედ უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებას ასახელებდნენ.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს − ლადო ჭანტურიას, ევროპის საბჭოს ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის 21 ივლისის წერილში ნათქვამია, რომ ის ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და, შესაბამისად, წარმატებით აგრძელებს კონკურსს.

25 ივლისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის სურვილი 28 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა. მათგან 7 კანდიდატს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.

გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართა. ქულათა დაჯამების შედეგად გამოვლინდა ოთხი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს: ლალი ფაფიაშვილი − 4.82; თამარ ალანია − 4.45; იოსებ ბაჩიაშვილი − 3.73; ოთარ სიჭინავა − 3.73;

დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა. ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს 31 აგვისტომდე წარუდგენს.

კანდიდატებს შორის იყო უზენაესი სასამართლოს მოქმედი წევრი, ნინო ბაქაქურიც, რომელიც გასაუბრებაზე არ გამოცხადებულა, შესაბამისად, კონკურსს გამოეთიშა.

კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა “კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. მათი განცხადებით, კომისიაში ხელისუფლების მხრიდან ჩართული წევრების შეფასებები ეფუძნებოდა არა განსაზღვრულ კრიტერიუმებს, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას. შესაბამისად, კოალიცია თვლის, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად ეკარგება აზრი კომისიის მუშაობაში ჩართულობას. ასევე, კომისიაში ჩართვაზე უარი თქვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

საქართველოს მთავრობას მესამედ ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა.

მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ამ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

ლალი ფაფიაშვილი da ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა

მასალების გადაბეჭდვის წესი