ახალი ამბები

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს უკრაინის თვითმფრინავიც დაეხმარება

30 აგვისტო, 2017 • 1761
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს უკრაინის თვითმფრინავიც დაეხმარება

გუშინ აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე ლოკალიზებული არაა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამბობს, სამაშველო სამუშაოებში 8 ტონის ტევადობის უკრაინის თვითმფრინავიც ჩაერთვება, რომელიც საქართველოში რამდნეიმე საათში იქნება:

“უკრაინიდან ჩვენ ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს. სულ უახლოეს საათებში შემოგვიერთდება. ის არის გზაში, ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში” – ამბობს შს მინისტრი.

გარდა ამისა, საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუჩქუს განცხადებით, თურქეთი დღის მეორე ნახევარში ერთ სახანძრო თვითმფრინავს და ორ ვერტმფრენს ისევ გამოაგზავნის აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში საქართველოს დასახმარებლად. ამის შესახებ ელჩმა კულტურის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ელჩის თქმით, წინა კვირას თურქეთი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუწია საქართველოს და ახლაც მზადაა დაეხმაროს ქართულ მხარეს.

“უკვე გზაშია ჩვენი ქვეყნის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, რომლებიც დღის მეორე ნახევრიდან ჩაერთვებიან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში. ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთოს მეგობარმა ქვეყანამ მეგობარ ქვეყანას.”

ხანძარი აბასტუმანში 29.08.17 ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

ხანძარი აბასტუმანში 29.08.17 ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”

აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებული არაა. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, მაშველები იქ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ტყეში გაჭრეს 4 -კილომეტრიანი გზა, რათა სახანძრო მანქანებმა ცეცხლის კერებთან მისვლა შეძლონ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა  სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. ამ დროისთვის ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთვნენ.

ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც.

უცნობია, ამ ეტაპზე რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი აბასთუმანში.   ამ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები აღარ ავრცელებენ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, აბასთუმნის ხანძარი მასშტაბურია და დიდ ტერიტორიას ფარავს.

აბასთუმანში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. მანამდე საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით ერთი კვირა ებრძოდა ხანძარს ბორჯომში. ხანძრები ყოველდღიურად ჩნდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ტყეებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი