ახალი ამბები

ომბუდსმენი: ხელისუფლებამ ეფექტურად უნდა გამოიძიოს პირთა გაუჩინარების შემთხვევები

30 აგვისტო, 2017 • 1883
ომბუდსმენი: ხელისუფლებამ ეფექტურად უნდა გამოიძიოს პირთა გაუჩინარების შემთხვევები

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირთა გაუჩინარების შემთხვევების გამოძიების, დაკარგულ პირთა მოძიებისა და გაეროს კონვენციის რატიფიცირების მიზნით.

სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოში გაუჩინარებულთა პრობლემა ქვეყანაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებს უკავშირდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1990-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1500-მდე ეთნიკური ქართველი, 200-მდე ეთნიკურად აფხაზი, 100-მდე ეთნიკური ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ- 6 ოსი და 35 ქართველი.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, არსებითი სიახლე გამოძიების პროცესში წელსაც არ არის, მათი ადგილსამყოფელის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული პირთა უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევები, აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გაგრძელდება მხარეებს შორის თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით, რომლის წარმატებულ მაგალითსაც წარმოადგენს 2013-2015 წლებში თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობით სამარხების გახსნა აფხაზეთში.

„იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენცია განსაზღვრავს იძულებით გაუჩინარების დანაშაულის დეფინიციას და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა იძულებით გაუჩინარება ეროვნულ დონეზე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს.

კონვენცია ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას.

30 აგვისტოს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. სახალხო დამცველის განმარტებით, იძულებით გაუჩინარება გლობალური პრობლემაა და ამ დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად 2006 წელს გაეროს ეგიდით მიიღეს კონვენცია „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“. შედეგად, იძულებით გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა და რიგ შემთხვევებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეიძლება შეფასდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი