ახალი ამბებისაზოგადოება

პრინცესების წინააღმდეგ

30 აგვისტო, 2017 • 13934
პრინცესების წინააღმდეგ

გთავაზობთ მშობლების მიერ მოთხრობილ ისტორიებსა და გამოცდილებას იმ გენდერული სტერეოტიპების შესახებ, რომლებსაც შვილების გაზრდისას აწყდებიან:

დიანა თიგიშვილი, 10 წლის ქეთოს დედა:

„მიზეზი, რის გამოც ახლა სკოლას ვუცვლი ქეთოს, ისაა,  რომ სკოლაში რაინდებად კურთხევის წესი აქვთ.  იდეაში, ძალიან კარგი სკოლაა, უბრალოდ, რამდენიმე წელია უკვე ასეა. გოგოებს მთავარ ფერიად აკურთხებენ ხოლმე და ბიჭებს – რაინდებად.

ეს თემა ძალიან სენსიტიურია ჩემთვის. მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება ეს რაინდობა და პრინცესობა იყოს არასწორი. ამაზე მხოლოდ რამდენიმე მშობელს გვქონდა პრეტენზია სკოლიდან.”

როგორც ქეთო ამბობს, რაინდად ვისაც აკურთხებენ, რაღაც ვალდებულებებსაც აკისრებენ მათ. მასწავლებლები მუდმივად უმეორებენ, რომ „რაინდულად“ უნდა მოიქცნენ და ა.შ. გაკვეთილებზეც. ბიჭებს, როგორც ქეთო ამბობს, უფრო სახალისო გაკვეთილები ჰქონდათ, რადგან ფეხბურთს ათამაშებდნენ. გოგოებს კი ამავე გაკვეთილზე ბალეტს აცეკვებდნენ. როცა ბალეტის მასწავლებელი არ იყო, გოგოებს უბრალოდ  კლასში ტოვებდნენ და ან ამეცადინებდნენ, ახატვინებდნენ,  ან წიგნებს აკითხებდნენ.

“ბავშვთა  დაბადების დღის ცენტრებიც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ რა და როგორ უნდა შეიცვალოს, არც კი ვიცი. გოგოებისთვის და ბიჭებისთვის განსხვავებული გასართობი პროგრამები აქვთ. გოგოებისთვის განკუთვნილ პროგრამებში პრინცესები, ფერიები ფიგურირებენ, ბიჭებისაში- ბეტმენი, ადამიანი ობობა და ა.შ  

მთავარი მოვლენა მაინც ისაა, ანიმატორები როგორ, რა ფრაზებით მიმართავენ  ხოლმე ბიჭებს: „გოგომ გაჯობა!“, „გოგომ როგორ უნდა გაგასწროს“ და ა.შ

ქეთომ იცის, რომ არ არსებობს რაღაცები მხოლოდ ბიჭებისთვის, ან მხოლოდ გოგოებისთვის და იცის, რომ რასაც ბიჭები აკეთებენ, იგივე შესაძლებლობა გოგოებსაც აქვთ, მაგრამ მშობლები შვილებს რას და როგორ ასწავლიან, ეგ სხვა თემაა. როცა ბავშვს დიდი დროის გატარება უწევს ბებიასთან, ან სკოლაში, გარემოს უფრო დიდი გავლენა აქვს, ხოლმე.“

გიორგი ლიპარიშვილი, 4 წლის თევდორეს მამა:

გიორგი ლიპარიშვილი

გიორგი ლიპარიშვილი

“გოგოს “ქინდერი” გინდა თუ ბიჭის”?  სათამაშოებად დაყოფა სტერეოტიებს უძირო ტბასავით აღრმავებს…

“შენ რა გენაღვლება, თავი ქუდში გაქვს?” – ბიჭის მამის “შექება”; ბიჭის დაბადებისას – “ბიჭი შეეძინა”, გოგოს დაბადებისას – “შვილი შეეძინა”; “გოგოსავით ლამაზია. გოგო ხარ, ბიჭო”?; “მაგარი ბიჭები არ ტირიან!”; “გოგოს ფერია” -გავრცელებული სტერეოტიპების მოსაგერიებლად ყურადღება და მზრუნველობა “ფარ-ხმალივით” აუცილებელია.

გოგოების მამა რომ ვყოფილიყავი, მომდევნო შვილის დაბადებას მხოლოდ გვარის გაგრძელებისა და “საზოგადოებაზე” გასამარჯვებლად  არ ვისურვებდი. რადგან მომკლავდა შვილის ერთი  გაფიქრებაც კი: “მხოლოდ ბიჭის სურვებისთვის ხომ არ დავიბადე”?!

მე სიცოცხლე მირჩევნია. კარგად სიცოცხლე. სწორი აზროვნებით, განვითარებით, ბედნიერებით. შვილმამობა  ბედნიერებაა. დიდი ბედნიერება, რომელსაც გაფრთხილება, გაზრდა და აყვავება უხდება. მე შვილის მამა ვარ.

ჩვენ ხელნაკეთი მშვილდისრით მშვილდისრობანას, ჩრდილებით ჩრდილობანას, მანქანებით ავტოფარეხობანას, თოჯინებით თეატრობანას, ნახატებით გამოფენობანას, ხმებით ხმაურობანას, სიტყვებით სიტყვობანას ვთამაშობთ. ვუსმენთ, ვუთითებთ, ვკამათობთ, ვიგონებთ, ვოცნებობთ, ვვოცდებით, ვხარობთ… მე შვილის მამა ვარ.“

შორენა გაბუნია – 17 წლის მარიამის, 6 წლის სოფიას და 3 წლის ანნას დედა:

შორენა გაბუნია

შორენა გაბუნია

„სამი შვილი მყავს. მათგან ორი არც სკოლაში დადის და არც ბაღში.  უფროსის სკოლაში რამდენიმე წლის წინ დირექტორი იდგა სკოლის შესასვლელთან და შიგნით გრძელთმიან ბიჭებს არ უშვებდა. წივილი-კივილი, შეურაცხყოფები, მშობლების დაბარება და ერთი უბედურება ტრიალებდა თითქმის ყოველთვის.

მე ბავშვებისთვის ძირითადად განსავითარებელ სათამაშოებს ვყიდულობ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვთ თოჯინებიც და მანქანებიც. ჰოდა, არ ვიცი, სად ჩაუნერგეს, ოჯახს გარეთ, რომ მანქანები ბიჭების სათამაშოა და მათთვის არ შეიძლება. ხშირად უკითხავთ, არსებობენ თუ არა კაბიანი ბიჭები, მე ვეუბნები, რომ არსებობენ და რადგან მათ ასეთი არავინ შეხვედრია, ეს არაფერს ცვლის. ოჯახის გარეთ, საზოგადოებისგან იღებენ ინფორმაციებს, რის გამოც შემდეგ რაღაცებში ეჭვი ეპარებათ.

სტერეოტიპებთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მეტად მახსენდება, ეს გასართობ ცენტრებში არსებული საშინელი ვითარებაა გენდერული სტერეოტიპების აყვავების მხრივ. გასართობ პროგრამაში მუდმივადაა ჩართული პოდიუმების თუ მსგავსი მარაზმების თემა. გოგონების გასართობი კი ბიჭებისაზე უფრო მარტივი და პრიმიტიულია ხოლმე.

ზოგადად, ამ ყველაფრის გადაჭრის გზები საზოგადოების ცნობიერების გაფართოებაშია. მშობლების უმეტესობას არც ესმის  ის უბედურებები, რაც საკუთარი შვილების გაპრინცესებას და გამაჩოებას უკავშირდება.“

გიორგი თვალიაშვილი, ჰყავს 4 შვილი:

გიორგი თვალიაშვილი

სავაჭრო ცენტრებში, გასართობ დაწესებულებებში, საპირფარეშოებზე ხშირად გვხვდება აღმნიშვნელი ნიშნები. საპირფარეშოები არის ქალების და კაცების, უკეთეს შემთხვევაში- შშმ პირების. ბავშვთა ოთახები კი თითქმის არ არის. მაგალითად, ვენდისში არის შშმ პირების, კაცების და ქალების და ბავშვის ერთად. ბავშვი თუ მამასთან არის, სად უნდა შევიდეს ?!

სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ისტორიები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვები ამას ნეგატიურად ან საერთოდ აღიქვამენ.

უფრო პრობლემურად ის მეჩვენებდა, რომ თუნდაც ახლა ზღვაზე რომ მოვდიოდი და სასტუმროებში ვრეკავდი პირობების გასაგებად და დასაჯავშნად, ვეუბნებოდი, რომ მოვდივარ მე 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ყველა ოპერატორი მეუბნებოდა, რომ .. ვიქნებოდით 6-ნი.  ცოლქმარი და ბავშვები

ვინმე რომ გაიგებს, ბავშვებს მე ვზრდი, ყველას მზრუნველობის და შებრალების განცდა უჩნდება ბავშვების მიმართ. ესეც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვებზე.

ხოლო თამაშები, სათამაშოები, წიგნები და, მეტსაც გეტყვით, ტანსაცმელი თუ სქესის მიხედვით განირჩევა, ეგ იმაზე მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის, ვიდრე ის, რომ მამა ზრდის ბავშვებს…. ხშირად უკვირთ, რომ ცეკვის კონცერტებზე, ბალეტზეც და ქართულ ცეკვაზე მე ვაცვამ ბავშვებს.

მნიშნელოვანია, ამაზე ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რომ მამაც მშობელია და მარტო დედამ არ უნდა გაზარდოს ბავშვი

 

ეთუნა ნოღაიდელი, 8 წლის ოთოს და 2 წლის ანიკას დედა:

ეთუნა ნოღაიდელი ფოტო: თამარ ჯიბუტი

ეთუნა ნოღაიდელი ფოტო: თამარ ჯიბუტი

„მას შემდეგ, რაც გოგოზე ვიყავი ორსულად, მივხვდი, რომ ადამიანების სქესის მიხედვით ჩარჩოში ჩასმა წინ უსწრებს მათ დაბადებას..

უკვე ორსულობიდან იწყება სქესებს შორის განსხვავებების გამოგონება და არა მას შემდეგ, როდესაც ბავშვი ჩნდება, ან თამაშს იწყებს, ან სპორტს არჩევს. მაგალითად, არსებული წარმოდგენა, რომ გოგოს მუცელი განში მიდის და გასუქებს და თითქოს ეს რაღაც სტატისტიკურ მონაცემს ეფუძნებოდეს. მე, მაგალითად, ბიჭიც მყავს და გოგოც, თუმცა ორივე მუცელი „ერთნაირი“ მქონდა.  მეღიმებოდა მომენტზე, როცა შეგხედავენ და მუცლიდანვე უნდათ გამოცნობა – გოგო გყავს თუ ბიჭი. თან ბიჭის მუცელი თურმე ალამაზებს დედას და გოგოს მუცელი კი ასქელებს.

ჩემი პროფესიიდან და ინტერსებიდან გამომდინარე, ხშირად ცდილობენ ფაქტებით დამანახონ, თუ რა სხვანაირები არიან გოგოები „დაბადებიდანვე“.  გოგო-ბიჭი ვისაც ჰყავს, უთქვამს ხოლმე, რომ გოგოები ძალიან პრანჭიები და „სულ სხვანაირები“ არიან, რომ „გენეტიკურია ეს სხვაობა“. არადა, შეხედავ მათი ბავშვების ფოტოებს და ბავშვს თვალი არ აქვს გახელილი, უკვე აცვია ვარდისფერი ტანსაცმელი, თავზე ბანტი აბია, ეძახიან პრინცესას, ულამაზესს, მარწყვს. ანუ საერთოდ არ არის ლაპარაკი იმაზე, გოგო არის თუ არა ლამაზი. დაიბადება თუ არა, ჩნდება მოთხოვნა, რომ ის უნდა იყოს ლამაზი.

ზღვაზე ვაკვირდები, რომ წლამდე გოგოებს უკვე დამალული აქვთ ძუძუს კერტები. ჩემთვის ამ შემთხვევაში საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ვიგონებთ განსხვავებას იქ, სადაც ის ჯერ კიდევ არ არსებობს. ის, რაც თითქოს უწყინარი დეტალია მაქმანებიანი პაწაწინა ლიფის სახით, ერთეული, მაგრამ ხელშესახები მაგალითია იმისა, თუ როგორ ვაგებთ სქესს ყოველდღიურად, შემდეგ კი ვამტკიცებთ, რომ გენეტიკამ განსაზღვრა ასე.

ხშირად მოისმენთ, რომ პატარა გოგონებს სკოლაში დასცინიან სხეულის თმის გამო, მშობლები კი 10-12 წლის მოზარდებს ეპილაციას უკეთებენ. ტრაგედია ის კი არაა, რომ მშობლები შვილებს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან,  არამედ ის, თუ როგორი ყოვლისმომცველია სილამაზის სტანდარტების გავლენა დღეს და როგორ დაიწია იმ ასაკმა, როდესაც ქალები ყველაფრის შეცვლას ვცდილობთ საკუთარ გარეგნობაში.

ბოლო ორი წელია ჩემს ბიჭ შვილს გრძელი თმა აქვს და ბათუმში ჩასვლისას მუდმივად ყურადღების ცენტრშია ამის გამო.  იღებს უამრავ არაეთიკურ კომენტარს, თუმცა ჯერჯერობით თვითონ შეუძლია მათი ასხლეტა. რადგან ბიჭია, ითვლება, რომ „კაცურობა“ უნდა შევუნარჩუნო და გრძელი თმა ძალად შევჭრა. ზოგადად, არ მესმის, რატომ არის საზოგადოების მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ ბიჭი აუცილებლად  გოგოს საპირისპიროდ უნდა იწარმოებოდეს. ტრადიციული მამაკაცურობა ასე აიგება – ქალურთან დაპირისპირებაში. ქალი რომ არ არსებობდეს, საინტერესოა, რაღას დააფუძნებდა თავის გამორჩეულობას?

მე მჯერა, რომ „ასეთი უნდა იყოს გოგო“ და „ასეთი კი ბიჭის“ ნიშან-თვისებების გარედან ჩანერგვაზე გახარჯვა არ ღირს. მე მირჩევნია, ეს დრო ჩემი შვილების შინაგანი სამყაროს აღმოჩენას დავუთმო და შევეცადო ვასწავლო, რომ ჩვენ ყველანი განსხვავებული ვართ არა სქესის, არამედ ინდივიდუალურ დონეზე. მე კი ისინი ყოველთვის ზუსტად ისეთები მეყვარება, როგორებიც იქნებიან.


 

თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამ საკითხზე? მოგვწერეთ თქვენი ისტორიები: info@netgazeti.ge

ილუსტრაცია: ოლგა დემიდოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი