ახალი ამბები

ნათელაშვილი: ივანიშვილის მთავრობა სექსუალურ უმცირესობათა პრობლემას იყენებს

13 მაისი, 2013 • • 1273
ნათელაშვილი: ივანიშვილის მთავრობა სექსუალურ უმცირესობათა პრობლემას იყენებს

როგორც ნათელაშვილმა დღეს, 13 მაისს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, შეიძლებოდა ხვედელიძის თანამდებობიდან მოხსნა, მაგრამ მისი დაკავება სასიამოვნო არ იყო.


შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

“ალბათ, სასიამოვნოა, რომ პრემიერი ივანიშვილი სექსუალურ უმცირესობათა უკანალებს ასე უფრთხილდება, მაგრამ რა დააშავა სექსუალურმა უმრავლესობამ, რომელიც მისი დაპირებების მიუხედავად, კვლავ სიღატაკეში, უმუშევრობაში და უბედურებაშია ჩავარდნილი?! იქნებ მათაც მიხედოს ისევე, როგორც უმცირესობების ინტერესები მოითხოვს ამას. მე კიდევ მაინტერესებს, სექსუალურ უმრავლესობას რომ უსმენდა ხელისუფლება ივანიშვილის ნაყიდი აპარატურით, მათ შორის ჩემი მოსასმენი მასალები იკავებს მთელ ოთახს მოდულის შენობაში, აი, ამაზე რატომ არ აგებინა არავის პასუხი ბატონმა ივანიშვილმა?! მე ვთვლი, რომ არანაირი მოსმენები არ უნდა არსებობდეს და თუ ეს მოსმენები მაინც იქნება, აღნიშნული უნდა გააკეთოს კანონიერმა სასამართლომ კანონიერი გზებით, ხოლო უკანონობის შემთხვევაში, ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი, ძველმაც და ახალმაც, უმრავლესობის მომსმენმაც და უმცირესობის მომსმენმაც, მინისტრებმაც და მოადგილეებმაც. დიფერენცირება და საჩვენებელი დაჭერები არის დაუშვებელი. ასეთ გადაცდომაზე არ იყო სასიამოვნო რაც მოხდა, კაცი არ უნდა დაეჭირათ. შეიძლებოდა მოეხსნათ, გაუსველელობის ხელწერილი მიეცათ, მაგრამ იმ დროს, როდესაც მთელი მომსმენი პირები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში და ჭკუას გვასწავლიან და არავის პასუხი არ უგია, ახლა იმ კაცის დაჭერა და მასზე ჯოხის გადატეხა სწორად არ მიმაჩნია”, – განაცხადა ნათელაშვილმა.


“ლეიბორისტების” საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ დღეს საქართველოს უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე სექსუალურ უმცირესობათა დაცვა.


“რატომღაც მგონია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სექსუალურ უმცირესობათა პრობლემას იყენებს იმისთვის, რომ გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან. ეს, მიტინგებია თუ მსვლელობები, რაც წინასწარ ანონსდება, ყველაფერი ემსახურება საზოგადოების ყურადღების გადატანას და მეტსაც გეტყვით, ეს ძალიან საშიში პროვოკაციაა. იქ ხალხი შეიძლება ერთმანეთს შეეჯახოს, დაზიანება მიიღოს და შეიძლება ესეც აქვს გათვლილი ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ მერე მთელი ზაფხული ამაზე ვილაპარაკოთ”, – აღნიშნა მან.


ნათელაშვილის განცხადებით, იგი დღეს გაოცდა, როდესაც ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ერთ–ერთი საგაზეთო ინტერვიუ წაიკითხა და იქ ამ უკანასკნელის სიტყვები ამოიკითხა.


“დღეს გავოცდი, ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუს ვკითხულობ და ეს არის მართლა მაოხრებელი გზირი და უკვდავი… აცხადებს, რომ რა უნდა გეიპარადებს რუსთაველზეო… ბატონო ედუარდ, ცეკა რომ ავსებული გქონდათ გეებით და ჰომოსექსუალისტებით, გახსოვთ? სავსე იყო პარტიის კომიტეტები… ეს ყველაფერი ხდებოდა შევარდნაძის დროს და შეიძლება ითქვას, რომ ჰომოსექსუალისტთა უფლებების ყველაზე დიდი დამცველი, რასაც ვერ დავუკარგავთ, არის ბატონი შევარდნაძე”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.


მიუხედავად ზემოხსენებული განცხადებებისა, ნათელაშვილი არ ფიქრობს, რომ ჰომოფობია.


“სექსუალური უმცირესობის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამან არ უნდა დააზარალოს უმრავლესობის უფლებები… თანაბრად უნდა იყოს დაცული. ჩემთვის მიუღებელია ყოველივე ფობია, მათ შორის ჰომოფობია და სხვანაირი ფობიებიც. ყველას აქვს არსებობის უფლება, როგორიც დაიბადა, თუ როგორი გზაც აირჩია, მაგრამ სწორად გამიგეთ, არის საკითები, რომელიც დაფიქირებას მოითხოვს. ახლა ჩემი უფლებაა ძილი, მაგრამ ხომ არ შემიძლია დავდგა საწოლი რუსთაველის გამზირზე და იქ დავიძინო?! მოვლენ და გამლახავენ იმიტომ, რომ ეს საძილე ადგილი არ არის, იქ სხვა ადგილია: ჩვენი შვილები, დები, შვილიშვილები დადიან… ახლა მე და ჩემმა ცოლმა რომ რუსთაველის გამზირზე მიტინგით ჩავიაროთ მოთხოვნით, გაუმჯობესდეს სექსუალური უმრავლესობების ცხოვრების პირობები, რა რეაქცია დაგრჩებათ?! კი, ბატონო… კი, ჩავივლით, მაგრამ არ იქნება სერიოზული”, – ამბობს იგი.


კითხვას, რატომ არ უნდა ჩატარდეს 17 მაისს ანტიჰომოფობური აქცია, იგი შემდეგნაირად პასუხობს:


“კი, ბატონო, რაც უნდა ის ჩაატარონ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიცვან იქ მოსახლეობის უსაფრთხოება, რომ არ მოხდეს შეტაკება და არ დაზიანდეს ან სექსუალური უმცირესობა, ან უმრავლესობა”.


ნათელაშვილი დღევანდელ პრესკონფერენეციაზე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ 10 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც “არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს”.


“თეა წულუკიანმა რაც განაცხადა, მე ვთვლი, რომ საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხდება იყო. მისი სიტყვები მდგომარეობდა შემდეგში: არავის საქმე არ არის, ვის ვისთან სძინავს ღამეო. მე მიმაჩნია, რომ ნამდვილად არის ეს საზოგადოების საქმე. მთელი მსოფლიოს რელიგია, ზნეობა, ისტორია სწორედ ამაზე იყო ჩამოყალიბებული, ვისთან დაიძინებდნენ ადამიანები ღამე. ეს გაარკვია უფალმა და რელიგიამ, ვის ვისთან უნდა ეძინოს. არ არის მეორეხარისხოვანი, დღე რას აკეთებ და ღამე რას აკეთებ. რაც ღამე ხარ, იგივე წარმოდგინდები დღისით და რაც დღისით ხარ, იგივე იქნები ღამით. დღის და ღამის გაყოფა რელიგიიდან, ადამიანობიდან, ფილოსოფიიდან და ზნეობიდან არავის არ მოუგონია, ეს თეა წულუკიანმა მოიგონა”, – აღნიშნა მან.


შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, “იდენტობა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”,  სხვა უფლებადამცველბთან ერთად თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია–ფლეშმობს გამართავენ. ცისარტყელას ფერებში ჩაცმული აქციის მონაწილეები საქართველოში ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტებს გააპროტესტებენ.


ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელსაც ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა წარმოადგენს, აცხადებს, რომ 17 მაისს თბილისში ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერი აქციის გამართვას არ დაუშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი