ახალი ამბები

“მაესტრო” რეგიონულ ბიუროებს ხურავს

13 მაისი, 2013 • • 1875
“მაესტრო” რეგიონულ ბიუროებს ხურავს

ღლონტის თქმით, ტელეკომპანიამ 20–მდე თანამშრომელს სექტემბრამდე უხელფასო შვებულებაში გასვლა შესთავაზა ტელეკომპანიაში დაგეგმილი ცვლილებების გამო. 

 

“არავინ არ დაგვითხოვია სამსახურიდან. ჩვენთან მიდის რეორგანიზაცია, რომელიც საბოლოოდ სექტემბერში დასრულდება. თანამშრომლების ნაწილს, მათ შორის რეგიონულ კორესპონდენტებს, შევთავაზეთ სექტემბრამდე უხელფასო შვებულებაში გასვლა. იმედი გვაქვს, სექტემბრიდან ყველა ამ ადამიანის აღდგენას შევძლებთ ხელფასიან თანამდებობებზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მამუკა ღლონტმა. მისი თქმით, ტელეარხის ხელმძღვანელობამ ეს ნაბიჯი ახლა იმიტომ გადადგა, რომ ზაფხული პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური პერიოდია და, შესაბამისად, ახალი ამბების გამოშვებაც ნაკლებად დაზარალდება.

 

სოფო ჟღენტი, რომელიც აჭარა-გურიის რეგიონში “მაესტროს” ჟურნალისტია, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს: “კონკრეტული მიზეზები ჩემთვის არ განუმარტავთ. ხელშეკრულება გვქონდა, მაგრამ პირველი ვადა თებერვალში გაუვიდა. რა იქნება სამომავლოდ, მაგასაც არ გვეუბნებიან”.

 

მამუკა ღლონტის თქმით, ტელეკომპანიის რეორგანიზაცია არ უკავშირდება ფინანსურ კრიზისს და ეს გამოწვეულია სექტემბრიდან ახალ სამაუწყებლო ბადესა და ფინანსურ სისტემაზე გადასვლით.

 

“ჩვენთან იყო ძალიან მაღალი ხელფასები. ახლა იქნება ნორმალური ხელფასები, ოღონდ გადავდივართ საპრემიო სისტემაზე. მაგალითად, ჟურნალისტს პირობითად თუ ჰქონდა 1000 ლარი, შეიძლება დარჩეს ეს ხელფასი, ხოლო თუ იქნება მონდომებული და თუ მოამზადბს რეიტინგულ მასალას, შესაძლოა ავიდეს 5–6 ათას ლარზეც”,– ამბობს მამუკა ღლონტი. მისივე ინფორმაციით, ახალ სტუდიაში გადასვლასთან დაკავშირებით დროებით დაიხურა გადაცემა შუადღე. რაც შეეხება სხვა გადაცემებს, მათ შორის დილის გადაცემას, აგვისტომდე შუფერხებლად გავა ეთერში. აგვისტოში კი არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე გადაცემა გაჩერდეს ახალ სტუდიაში გადასვლასთან დაკავშირებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი