ახალი ამბები

კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე იქნება

26 აგვისტო, 2017 • 3322
კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე იქნება

“აჩიკო არის კარგი მეგობარი, კარგი თანაგუნდელი, კარგი მენეჯერული თვისებებით”, – ასე დაახასიათა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისში საარჩევნო შტაბის გახსნისას.

საარჩევნო შტაბი კალაძემ დღეს, 26 აგვისტოს კოსტავას გამზირზე გახსნა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გვერდით მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც არა მარტო პოლიტიკური ხედვები და მომავლის გეგმები მაერთიანებდა, არამედ პასუხისმგებლობა, ქვეყნის სიყვარული და დაგეგმილის განხორციელების დიდი სურვილი და ნება. ჩემი შტაბი საიმედო და კარგი ადამიანის ხელშია”, – განაცხადა კახა კალაძემ არჩილ თალაკვაძის წარდგენისას.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მზადაა შეასრულოს ეს ამოცანა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიაში ყველა სფეროდან საუკეთესო ადამიანები არიან ჩართული. 10 შტაბი თბილისში უკვე სამუშაო რეჟიმშია.

“მედიასთან მუდმივი თანამშრომლობა და საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობა გვექნება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს ხედვებს, რაც საარჩევნო გეგმის ნაწილი იქნება, რომელზეც მომვალში მოუწევს მუშაობა გამარჯვების შემთხვევაში.

“სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერით შევძლებთ თბილისის გამოწვევებთან გამკლავებას. მე ვიშრომებ თითოეული თბილისელისთვის, მე ვიშრომებ თითოეული თქვენგანისთვის, არ დავიღლები ვემსახურო თბილისს და თბილისელებს, ჩვენ თბილისი უნდა ვაქციოთ ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საარჩევნო შტაბის გახსნას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი