ახალი ამბები

წულუკიანმა კონსტანტინე ვარძელაშვილის გასაუბრებაზე თავი აიცილა

26 აგვისტო, 2017 • 3038
წულუკიანმა კონსტანტინე ვარძელაშვილის გასაუბრებაზე თავი აიცილა

სტარბურგის მოსამართლეების შემრჩევი სპეციალური სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კონკურსანტის, კონსტანტინე ვარძელაშვილის გასაუბრებაზე თავი აიცილა და გასაუბრების პროცესი დატოვა.

კონსტანტინე ვარძელაშვილი სამთავრობო კომისიის სამი წევრის – თეა წულუკიანის, სოფო კილაძისა და შალვა თადუმაძის აცილებას მოითხოვდა.

ვარძელაშვილმა კომისიას მიმართა განცხადებით, სადაც ამ სამი წევრის აცილებაზე საუბრობდა. კერძოდ, წერილის თანახმად, მათ არაერთხელ გამოხატეს ნეგატიური განწყობა ვარძელაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ. ასევე, გავრცელებულ წერილში ვარძელაშვილი ამბობს, რომ ამ პირებს აქვთ ინტერესთა კონფლიქტიც.

შალვა თადუმაძემ და სოფო კილაძემ განაცხადეს, რომ უსაფუძვლოა ვარძელაშვილის მოთხოვნა აცილების შესახებ და თავი არ აიცილეს. თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ მასთან დაკავშრებითაც უსაფუძვლოა ვარძელაშვილის მოთხოვნა, თუმცა გასაუბრების ოთახი მაინც დატოვა და განაცხადა, რომ არც გასაუბრებაში და არც ვარძელაშვილის შეფასებაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

“ამით ვცდილობ, რომ რაღაცნაირად დაგაჯეროთ, რომ ეს კომისია ძალიან ბევრს მუშაობს სტრასბურგში ღირსეული მოსამართლის წარსადგენად,” – განაცხადა წულუკიანმა.

ვარძელაშვილმა მას მიმართა, რომ საუბარი უნდა იყოს წევრის ჩანაცვლებაზეც, თუმცა არ იცის, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. წულუკიანმა ამ საკითხზე განაცხადა, რომ წევრების ჩანაცვლების მექანიზმი ამ კომისიის შემთხვევაში არ არსებობს.

კონსტანტინე ვარძელაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კონკურსში მისი მონაწილეობა “ფორმალობაა, თუმცა, აუცილებელი ფორმალობა”. ასევე, აღნიშნა, რომ მაინც მონაწილეობს კონკურსში, რადგან საჭიროდ თვლის, რომ ყველა ფორმალური გზა გამოიყენოს. ვარძელაშვილმა გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ აინტერესებს, თუ რა მიზეზების გამო დაუწერეს მას წინა კონკურსის დროს დაბალი ქულები და რა გახდა მისი ასეთი შეფასების მიზეზი.

“ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ეს კომისია მიიღებს ამ შემადგენლობით და ამ პროცედურებზე დაყრდნობით, მოკლებულია ლეგიტიმაციას. არა მხოლოდ ჩრდილს მიაყენებს კომისიის წევრებს, არამედ კანდიდატებსაც, რომლებიც შერჩეულნი იქნებიან ამ პროცესის შედეგად,”- განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვლმა გასაუბრების დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომისიას ბოიკოტს უცხადებს “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. მათი განცხადებით, კომისიაში ხელისუფლების მხრიდან ჩართული წევრების შეფასებები ეფუძნებოდა არა განსაზღვრულ კრიტერიუმებს, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას. შესაბამისად, კოალიცია თვლის, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად ეკარგება აზრი კომისიის მუშაობაში ჩართულობას. ასევე, კომისიაში ჩართვაზე უარი თქვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ამ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი