ახალი ამბები

ევროკავშირი ხანძრის ზონაში სატელიტურ დაკვირვებას ახორციელებს

25 აგვისტო, 2017 • 1752
ევროკავშირი ხანძრის ზონაში სატელიტურ დაკვირვებას ახორციელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კარლო ნატალემ პრემიერ-მინისტრს, ევროკავშირის სახელით, ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დაუფიქსირა და სხვადასხვა სახის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.

ევროკავშირმა პროგრამა “კოპერნიკუსი” აამოქმედა. აღნიშნული პროგრამა ევროპაში მასშტაბური ხანძრების შემთხევაში ხორციელდება და სტიქიის ზონების სატელიტურ დაკვირვებას უზრუნველყოფს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, დამწვარი ფართობის საჰაერო რუკები ხელმისაწვდომი გახდება დღის განმავლობაში.

“ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რასაც საქართველო ახორციელებს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში,” – აღნიშნა კარლო ნატალემ.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელს დახმარების მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის კრიზისების მართვის ცენტრს საქართველოს მთავრობამ ხანძრის პირველივე წუთებიდან მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი