ახალი ამბები

კადრების გავრცელება თეა წულუკიანისთვის უკიდურესად აღმაშფოთებელია

4 მაისი, 2013 • • 1010
კადრების გავრცელება თეა წულუკიანისთვის უკიდურესად აღმაშფოთებელია

“იუსტიციის მინისტრი უკიდურესად აღმაშფოთებელს უწოდებს სამი მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტით გავრცელების ფაქტს და სჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინვე დაწყებული გამოძიება უმოკლეს ვადაში დაადგენს კადრების ნამდვილობას და თუ ვინ და რა მიზნით გაავრცელა ისინი. თეა წულუკიანი აგრეთვე ეხმაურება ბრალდებებს მთავარი პროკურატურის მიმართ და თვლის, რომ მთავარი პროკურატურა სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ ბრალდებებს, რათა წერტილი დაესვას საზოგადოებაში ბოლო დროს გაჩენილ კითხვებს. ის ამის შესახებ დღეს მთავარ პროკურორსაც ესაუბრა”– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

3 მაისს ინტერნეტით  გავრცელდა  30- წუთიანი უკანონო ფარული ვიდეოჩანაწერი.  ვიდეოკადრებზე სამი ადამიანის  სქესობრივი ცხოვრებაა ასახული.  ვიდეო ერთ-ერთ  ინტერნეტ- გვერდზე იყო  ღიად განთავსებული.

 

პირი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა, აღნიშნულ კადრებს  გამოეხმაურა. პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს  იგი ფაბრიკაციას უწოდებს:

 

“ვამხელდი ყველა იმ პიროვნებას, რომელიც არბევდა და აწიოკებდა ხალხს და თავი მქონდა გადადებული. ეს არ უკადრებია “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც იკადრა გია ხუხაშვილმა, გელა ხვედელიძემ და ლაშა ნაცვლიშვილმა. დღეს უნდა მოეწოდებინა ჩემთვის ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძის და ნათია მოგელაძის ქმრის, რომელიც დღეს მუშაობს პროკურატურაში, მათ ბინძურ საერთო საქმეებზე. როდესაც მე უნდა შევხვედროდი პიროვნებას, რომელსაც ეს უნდა მოეწოდებინა, ეს პიროვნება მეუბნება, იციო, შენზე რა გავრცელდაო. მე არც ვიცოდი. “– განაცხადა მან. 

 

დღეს  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააპროტესტა. მშვიდობიან აქციას დაახლოებით 10 ადამიანი დაუპირისპირდა, რომლებმაც მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შედეგად პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი