ახალი ამბები

მოერიდეთ გარეთ გასვლას და გამოიყენეთ პირბადე – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

22 აგვისტო, 2017 • 2429
მოერიდეთ გარეთ გასვლას და გამოიყენეთ პირბადე – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასან ხანძრის გამო ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, რის გამოც ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

რეკომენდაციები გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმაც. მათივე ცნობით, რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული. ესენია: ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და ორსულები. ასევე, მწეველები და მეხანძრეები.

  • ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ პირბადე;
  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში;
  • შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;
  • უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა;
  • რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა გამოიყენეთ რესპირატორი;
  • დამატებითი სერვისების მისაღებად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას;

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს.

“მდგომარეობა მუდმივად იცვლება, რადგანაც, ქარის მიმართულება მუდმივად იცვლება, ერთი მხრივ, ხეობაში ქარი სულ არის, რაც ჰაერის დაბინძურების მხროვ კეთილსაიმედო ნიშანი არის, რადგანაც ნიავდება, თუმცა ხანძრისთვის ეს არის ძალიან ცუდი და ალბათ, მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი.  ამის დოკუმენტური მონიტორინგი ძალიან რთულია, სიტუაცია იცვლება და ამიტომ რეკომენდაცია მიმართული არის მაქსიმალური გადაზღვევისკენ,”- განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

ცეცხლის ჩაქრობას უკვე მესამე დღეა ცდილობენ, თუმცა კერების სრული ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი