ახალი ამბები

დაირღვა თუ არა ჟურნალისტის უფლებები 1 მაისს

2 მაისი, 2013 • 1658
დაირღვა თუ არა ჟურნალისტის უფლებები 1 მაისს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრებით ჟურნალისტებისთვის ხელშეშლა დასტურდება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არ მომხდარა.

მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ჟურნალ “ლიბერალის” თანამშრომელი ანი ჭანკოტაძე და ტელეკომპანია “მე–9 არხის” ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე დააკავეს.

როგორც ანი ჭანკოტაძე განმარტავს, აქციაში მონაწილეობდა, თუმცა არა როგორც ჟურნალისტი, ხოლო ზვიად ხუჯაძის თქმით, ის ადგილზე ინციდენტის გასაშუქებლად მივიდა და მას პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

მე–9 არხის ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე
მე–9 არხის ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე

“მე რომ მივედი აქციაზე გასაშუქებლად, კინოს სახლის წინ დაპირისპირება უკვე დაწყებული იყო. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული ტროტუარი და ნახევარი გზა, გზის მეორე ნახევარზე მანქანები მოძრაობდნენ, პატრულიც მოსული იყო.

ვაშუქებდით ჩვეულებრივად მე და ჩემი ოპერატორი, ამ დროს დაიწყო ფიზიკური შეხლა–შემოხლა, დავინახე, რომ ორი უფორმო ადამიანი სცემდა წაქცეულ ახალგაზრდა ბიჭს. მივედი ჩვეულებრივად, მიკროფონით და ამ ადამიანებს ვკითხე, რას აკეთებდნენ და რატომ, ამის შემდეგ მიკროფონი წამართვეს და დააზიანეს, შემდეგ გასცეს ბრძანება, ესეც წაიყვანეთო. ეს როცა თქვეს, უკვე ფორმიანებმა მომკიდეს ხელი და ჩამსვეს მანქანაში”, – აცხადებს ზვიად ხუჯაძე.

მისივე თქმით, სანამ პოლიცია მანქანამდე მიიყვანდა, მან არაერთხელ განაცხადა, რომ ჟურნალისტი იყო, იგივეს ეუბნებოდა პოლიციას ხალხი და “მე–9 არხის” ოპერატორიც. მიუხედავად ამისა, ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს, რის შემდეგაც ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს და ბორკილები დაადეს:

“მე ამოვიღე ტელეფონი, მინდოდა დამერეკა რედაქციაში და შემეტყობინებინა, რის საშუალებასაც მანქანაში მყოფი ერთი პოლიციელი არ მაძლევდა, მაგრამ მე მაინც მოვახერხე, რომ დამერეკა, რის შემდეგაც ერთ–ერთმა ხელი დამარტყა, ტელეფონი დამაგდებინა, შემდეგ ბორკილები დამადეს და გადამიყვანეს სამინისტროში. რა თქმა უნდა, ეს იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, მე იქ ვასრულებდი მხოლოდ ჩემს მოვალეობას”, – აცხადებს ზვიად ხუჯაძე.

ჟურნალისტის თქმით, ის ფაქტის გასაჩივრებას არ აპირებს, იმის გამო, რომ არსებობს ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა და პოლიციამ გამოძიება ისედაც უნდა დაიწყოს.

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს, 2 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიციას კანონი არ დაურღვევია:

“რა თქმა უნდა, მე ვწუხვარ, რომ ამ ინციდენტში მონაწილეობდა ორი ჟურნალისტი, მე გულწრფელად ვწუხვარ მათ გამო, მაგრამ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოლიციელი ადგილზე ვერ გაარკვევდა, იყო თუ არა ეს ადამიანი ჟურნალისტი. მიკროფონი შეიძლება სტუდენტმაც დაიკავოს”, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, 1 მაისს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მსგავსი ფაქტები ნებისმიერ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და ნორმალურ ქვეყანაში ხდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე მინისტრის მიერ 1 მაისის ინციდენტის შეფასებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ შსს–ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება აუცილებლად უნდა მომხდარიყო:

“მნიშვნელოვანი შემთხვევა, რაზეც შსს–ს უნდა მოეხდინა რეაგირება, ბუნებრივია, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაა და ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც პირები ამბობენ, რომ ჟურნალისტი ვარ, მათ მაინც აკავებენ და მათ მიმართაც ხდება ფიზიკური ძალის გამოყენება, ხოლო რატომ, რისთვის, ამაზე პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია და ამის გამოძიება, როგორც ჩანს, არც იგეგმება, რადგან მინისტრის პოზიცია ასეთია, რომ ყველაფერი კანონიერად ჩატარდა”, – აცხადებს ეკა ფოფხაძე.

ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც:

“გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გარკვეულ შემთხვევებში ხდებოდა ჟურნალისტებისათვის მიმდინარე პროცესების გადაღებაში ხელის შეშლა ან/და შეფერხება”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თვლის, რომ პოლიციამ ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალა:

“EMC მიიჩნევს, რომ პოლიციელთა მხრიდან ჟურნალისტებისათვის მოვლენების სათანადოდ გაშუქების მიზანმიმართული შეზღუდვა უნდა მივიჩნიოთ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლად”, – ნათქვამია მათ განცხადებაში. EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს, მისცეს ადეკვატური შეფასება პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და გამოიყენოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.

“საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას” არაადეკვატურად მიაჩნია შს მინისტრის განცხადება, რომ „პოლიცია ადგილზე ვერ გაარკვევდა, ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ არა.

“მსგავსი განცხადება საფრთხის შემცველია და შეიძლება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის წამახალისებელ ფაქტორად იქცეს სამომავლოდ ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისათვის,”– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა [1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია, ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან], ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი