ახალი ამბები

ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული სამუშაოები ტყის ხანძრების წინააღმდეგ – ირაკლი მაჭარაშვილი

22 აგვისტო, 2017 • 3068
ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული სამუშაოები ტყის ხანძრების წინააღმდეგ – ირაკლი მაჭარაშვილი

“მწვანე ალტერნატივის” კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი “ნეტგაზეთთან”  საუბრისას ამბობს, რომ გვალვიანი პერიოდი განსაკუთრებით საშიშია ტყის ხანძრების წარმოშობისთვის და ადამიანებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ხანზარი ბორჯომში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ხანზარი ბორჯომში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

უკვე მესამე დღეა, მეხანძრეები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა, ეს იყო დაუდევრობა, თუ წინასწარ განზრახვით გაჩენილი ხანძარი, ჯერ უცნობია. ასევე უცნობია ამ ზაფხულს საქართველოში გაჩენილი არაერთი ხანძრის მიზეზი.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან პრევენციული ზომების გატარება. მისი თქმით, მაგალითად, 2005 წლამდე არსებობდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, სატყეო დეპარტამენტის თანამშორმლები ხანძარსაშიშ პერიოდებში დამატებით, დროებით თანამშრომლებს ქირაობდნენ,  რათა პირველადი ხანძრის კერები აღმოეჩინათ, ან, საჭიროების შემთხვევაში, ხანძარი ჩაექროთ კიდეც.

“კანონმდებლობით იყო დადგენილი, რომ შეზღუდვაც კი დაწესებულიყო ტყეში მოქალაქეების გადაადგილებაზე,”- ამბობს მაჭარაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, ბორჯომისა და სამცხე-ჯავახეთის ტყეები, განსაკუთრებით, სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული წიწვოვანი ტყეები, ისედაც მომეტებული ხანძარსაშიშროების ტყეებად ითვლება.

“ამას თუ დაემატება ისიც, რომ ტყეები ნარჩენებით დაბინძურდება, ან უსისტემოდ გაიჩეხება, ეს უფრო აძლიერებს ხანძრების საშიშროებას და ეს საშიშროება წლიდან წლამდე იზრდება გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე,”- ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, ხანძარი შესაძლოა გააჩინოს ტყეში დატოვებულმა საყოფაცხოვრებო ნარჩენმაც კი:

ირაკლი მაჭარაშვილი

ირაკლი მაჭარაშვილი


დიდი გვალვის გამო ხანძარსაშიში ვითარება გაგრძელდება მანამ, ვიდრე წვიმები არ დაიწყება. ამიტომ სიფრთხილე და პრევენციის ზომების გამოყენება იქნება საჭირო. ადამიანები, თუ სიკეთე უნდათ გააკეთონ, უნდა იყვნენ ყურადღებით. ტყის კოდექსის თანახმად, ხანძარსაშიშ პერიოდებში და იმ ტყეებში, რომლებიც ხანძარსაშიშია, იზღუდებოდა მოქალაქეთა შესვლაც. ტყის ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ დატოვებულმა კოცონმა, გადაგდებულმა სიგარეტმა, არამედ იგივე საყოფაცხოვრებო ნარჩენების დატოვებამ. შეიძლება ზოგს არ წარმოუდგენია, მაგრამ ტყეში დაგდებული ცარიელი ბოთლი, ძლიერი გვალვებისა და სიცხის დროს, შეიძლება გახდეს ტყის ხანძრის მიზეზი, რადგან მზის სხივი შეიძლება ისე გადატყდეს, რომ გამადიდებელი შუშის ეფექტი იქონიოს და გამოიწვიოს ხმელი ბალახისა და წიწვების აალება.

რამდენად საშიშია მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის ხანძარი, რომელსაც მესამე დღეაა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამაოდ ებრძვიან? მაჭარაშვილი ამბობს, რომ საშიში არაა, თუ  ადამიანი პირდაპირ არ ჩაისუნთქავს გაფრქვეულ კვამლს.

“თუმცა ეს მნიშვნელოვანია გლობალური თვალსაზრისით, როდესაც სითბური აირები იმატებს. რა თქმა უნდა, ცუდია ეს ხანძარი როგორც ტყის ჰაბიტატის განადგურების, ასევე, კლიმატისა და ჰაერის ხარისხის ცვლილების კუთხით. ამ დროს გაიფრქვევა დიდი რაოდენობით CO2; ამავდროულად – ტყის განადგურება ნიშნავს, რომ იმ განადგურებული ფართობის შესაბამისი CO2-ის შეთვისება და ჟანგბადის წარმოშობა აღარ მოხდება. რამდენად ძლიერი იქნება ზეგავლენა – ეს დამოკიდებულია განადგურებული ტყეების სახეობრივ შემადგენლობასა და რაოდენობაზე,”- გვეუბნება ირაკლი მაჭარაშვილი.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ფრთხილად უნდა იყოს სამაშველო სამუშაოებში მოხალისეობრივად ჩართული მოსახლეობაც:

ცეცხლის ჩაქრობა, ტყის ხანძრები და ტყის მეხანძრეობა, პრაქტიკულად, არის ყველაზე საშიში პროფესია. ხანძრის ჩაქრობას სჭირდება გარკვეული განსწავლულობა. მესმის, რომ ხალხი არის გულანთებული იმით, რომ რაღაც დახმარება უნდა, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, რომელსაც განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება და ცოდნა სჭირდება. შეიძლება, ზედმეტმა მოხალისეობამ იქ ხელი შეუშალოს მაშველ-მეხანძრეებს და მათი საპატრონო გახდნენ,”- ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 22.08.17 ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი