ახალი ამბები

სახალხო დამცველი აქციის მონაწილეების დაკავებაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს

1 მაისი, 2013 • 1103
სახალხო დამცველი აქციის მონაწილეების დაკავებაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს

“ჩვენი ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე უკვე გათავისუფლებულია, მათი ნაწილი უკვე გამოკითხეს ჩვენმა წარმომადგენლებმა და ამ ეტაპზე მეტის თქმა ამ საკითხზე შეუძლებელია,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო ერემაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15:00 საათზე დაიწყო “ლაბორატორია 1918”-ის მშვიდობიან მანიფესტაცია თსუ-ს პირველი კორპუსიდან, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს მსვლელობა მარჯანიშვილის მიმართულებით, ხოლო მარჯანიშვილიდან გაემართნენ რუსთაველის მიმართულებით. აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ მსვლელობის დროს მოუწოდებდნენ, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დაიწყეს აქციის ორგანიზატორების დაკავება.

 

თვითმხილველების თქმით, ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. დააკავეს 15-ზე მეტი აქტივისტი, მათ შორის არის სამი ჟურნალისტი.

 

“როდესაც ჩვენ ვითხოვდით ღირსეული შრომის უფლებებს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები აწყობდნენ პროვოკაციას, პოლიციამ დააკავა ლაბორატორია 1918- ის 15-ზე მეტი აქტივისტი, დანარჩენები ცემეს, მათ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია.

 

პირობას ვდებთ, რომ 1 მაისი გახდება მათთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ დღედ! თუ დაუყოვნებლივ არ გამოუშვებენ ყველა უსამართლოდ დაკავებულ ადამიანს, მიიღებენ სტუდენტთა ორგანიზებულ წინააღმდეგობას!!

 

თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!!!!!!!!!!!!!!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ლაბორატორია 1918” ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი