ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი: მოსამართლეებს უნდა მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება

30 აპრილი, 2013 • 1041
კოტე კუბლაშვილი: მოსამართლეებს უნდა მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება

“ასეთი განცხადებები, პოლიტიკური მოხელეების მიერ გაკეთებული, ჩემი აზრით, არის კიდევ ერთი ჩარევა და ნაბიჯი იმისაკენ, რომ მოსამართლეებს რაღაც უთხრან. არავის არ ჭირდება ამის შეხსენება, მოსამართლეებს ძალიან ხშირად გაუმართავთ კონფერენცია და ძალიან ხშირად გვქონია ჩვენ არჩევნები, ამიტომ ახლაც ასე იქნება, იქნება ყველაფერი ღიად და გამჭვირვალედ და ასეთი დამატებითი თქმა იმისა, რომ მოგიწოდებთ, წამოაყენოთ, არ არის საჭირო, მით უმეტეს, იუსტიციის სისტემიდან არ უნდა წამოვიდეს ასეთი რამ”, – აცხადებს კოტე კუბლაშვილი.

 

იუსტიციის მინისტრის წერილში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს პრეზიდენტის ვეტო ხელს ვერ შეუშლის და კანონის ძალაში შესვლიდან ოთხი კვირის ვადაში მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოსამართლე წევრები და მდივანი უნდა აირჩიოს. იმავე ვადაში მოსამართლეთა კონფერენციამ სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეც უნდა აირჩიოს.

 

მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ უზრუნველყოს მოსამართლეთა კონფერენციის მზადების შესახებ ინფორმაცია.

 

კოტე კუბლაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენციის თარიღი დაინიშნება მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებები შევა ძალაში. საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს ახნის საკითხზე ამ კვირაში იმსჯელებს პარლამენტი. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არ გაუჭირდებათ ვეტოს მოხსნა.

 

კოტე კუბლაშვილის თქმით, მათავარია, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩევნები ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ და ყოველგვარი ჩარავებისაგან დამოუკიდებლად:


“ჩვენთვის მთავარი არის მოსამართლეთა ერთობა, ერთიანობა იმ საკითხში, რომ ავირჩიოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და თანაც ავირჩიოთ არა ხელოვნურად წამოყენებული ინიციატივებით, არამედ თავად მოსამართლეების მიერ დაყენებული კანდიდატურებით. ყველას მივმართავთ, რომ მოსამართლეებს მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება”, – აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი