ახალი ამბები

სკოლებისთვის სამაგიდო თამაშების შესაძენად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

17 აგვისტო, 2017 • 1575
სკოლებისთვის სამაგიდო თამაშების შესაძენად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

 

განათლების სამინისტრო საქართველოს სკოლების I-VI კლასების მოსწავლეთათვის სამაგიდო თამაშების შესაძენად ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სამინისტროს პროექტების მენეჯერმა დაუდასტურა.


ნინო ჭანტურიას თქმით, ტენდერისთვის ტექნიკური დავალება და სპეციალური კრიტერიუმები მომზადდება, რომლებიც მასში მონაწილე კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ. მისი თქმით, საწყის ეტაპზე შეირჩევა რამდენიმე საგანი, რომლებთანაც ინტეგრირდება სამაგიდო თამაშები:

“საწყის ეტაპზე შეირჩევა რამდენიმე საგანი, სადაც შეიძლება ამ თამაშების ეფექტურად ინტეგრირება. მაგალითად, ლიტერატურა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები. თუმცა სამინისტრო გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და მომავალშიც დაინტერესდება სხვა სახის თამაშებითაც სხვა საგნებისათვის. ჩვენ ბაზრის მოკვლევასაც ვაკეთებთ, რათა გავიგოთ, რა კონცეფციები არსებობს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება”.

მისივე თქმით, სამინისტრო შეეცდება, თამაშები სასწავლო პროცესთან ისე ინტეგრირდეს, რომ მასწავლებლებს მასალის ახსნასა და მიწოდებაში, მოსწავლეებს კი მის ათვისებაში დაეხმაროს.

“ის, რომ სახელმძღვანელო ძირითადი სასწავლო რესურსია, ამაზე არავინ დავობს. სხვა საკითხია, როგორ შეგვიძლია თვალსაჩინოების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ვფიქრობთ, შესაძლებელია, სამაგიდო თამაშები იყოს ერთ-ერთი და არა ერთადერთი სასწავლო რესურსი. მასწავლებლებს მიეწოდებათ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ისინი სასწავლო პროცესში. ვფიქრობ, მასწავლებლები დადებითაც შეხვდებიან ამ ინიციატივას და მოსწავლეებიც მეტად დაინტერესდებიან”, – ამბობს ჭანტურია.

სამაგიდო თამაშების სკოლებში შეტანის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა  და მალევე განაცხადა დაგეგმილი ტენდერის შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, პროექტს თავდაპირველად საპილოტე სახე ექნება და 20-მდე სკოლას შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი