ახალი ამბები

ომბუდსმენი: კერძო სკოლებში ბავშვზე ძალადობაზე რეაგირების მექანიზმი არ არსებობს

17 აგვისტო, 2017 • 1885
ომბუდსმენი: კერძო სკოლებში ბავშვზე ძალადობაზე რეაგირების მექანიზმი არ არსებობს

სახალხო დამცველის ცნობით, კერძო სკოლებში არ არსებობს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, რის გამოც 16 აგვისტოს  რეკომენდაციით მიმართეს საქართველოს განათლების მინისტრს.

საქმე ეხება თბილისის ერთ–ერთ კერძო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ პედაგოგისა და დირექტორის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას. ინფორმაცია ამ ფაქტზე ომბუდსმენს არასრულწლოვნის მშობელმა მიაწოდა.

“აღნიშნული საკითხი შეისწავლა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.  ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში იკვეთება, რომ ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევის განხილვა არ განხორციელებულა დეტალურად და სიღრმისეულად.  ამასთან, ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში არ არის მითითებული, დასტურდება თუ არა პედაგოგის ან დირექტორის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტი და რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები უნდა გატარებულიყო მოცემულ შემთხვევაში, რაც კერძო სკოლებში ქმნის ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირების პრობლემას. გარდა ამისა, არ არის სათანადოდ შეფასებული რეაგირების მექანიზმი, ასევე ის, თუ რა სახის პრევენციული ღონისძიებები გატარდა სკოლის მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,”- აცხადებს ომბუდსმენი.

მათივე ცნობით, განათლებისა მინისტრის ბრძანების „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ პირველი მუხლით განსაზღვრულია, რომ აღნიშნული ბრძანება ვრცელდება საჯარო სკოლებზე, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომის წესს განსაზღვრავს კერძო სკოლა.

“შესაბამისად, შინაგანაწესის გარდა არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კერძო სკოლაში დისციპლინური დევნის პროცედურებს,”- აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში უნდა არსებობდეს ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაღალი სტანდარტი.

“რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი მონიტორინგის ორგანოს ფუნქციები და პროცედურები ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხების მოკვლევის პროცესში; ასევე, გაიწეროს კერძო სკოლის პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას,”- აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი