“სინამდვილეში მოსახლეობის 1%-საც არ უსმენდნენ, მაგრამ ავრცელებდნენ ამას შეგნებულად თვითონ და ამის მიზანი იყო საზოგადოების ტოტალური დაშინება,”- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს პროცესი დასრულდა, მაგრამ “ეს შიში და ეჭვი რაც იყო, თუ დარჩა, ეს ძალიან ცუდია. როცა გუნდის შიგნით გვაქვს შეხვედრა, ხან უსუფაშვილს გააქვს ჩემი ტელეფონი და ხან ღარიბაშვილს, მე ამის პრობლემა არ მაქვს, ისეთს არაფერს ვამბობ, რაზეც მეორე დღეს ხმამაღლა არ ვიტყვი,”- აცხადებს ივანიშვილი.
მისი თქმით, მისი პირადი დამოკიდებულებაა, რომ სახელმწიფო დაწესებულებები არ იყენებდნენ ფარული მოსმენისა და თვალთვალის მეთოდს.
“მაგრამ მე დამარწმუნეს, რომ ამაზე მთლიანად უარის თქმა არ შეიძლება, ეს უნდა განახორციელოს კონკრეტულმა უწყებამ მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.”
პრემიერ- მინისტრის თქმით, იმისათვის, რომ უკანონო მოსმენის საკითხი დასრულდეს ქვეყანაში, შემოღებული იქნება ისეთი კანონი, რაც სჭირდება საზოგადოებას.
“მაგრამ საზოგადოების განწყობა ზოგჯერ გადაჭარბებული და გაზვიადებულია,”- აცხადებს პრემიერი და ამის საილუსტრაციოდ შს მინისტრისადმი განწყობა მოჰყავს.
“პოლიციაში პატარა გაფაჩუნება და მერაბიშვილს ადარებენ ღარიბაშვილს. არასდროს არ იქნება ღარიბაშვილი მერაბიშვილი. კრიტიკასაც სჭირდება ზომიერება, რომ ხელისუფლებას გამოსწორების საშუალება მიეცეს. ჩვენც დაგვზოგეთ, ჩვენც ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ.”
ეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო რედისონში გააკეთა, სადაც კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე “სამოქალაქო კონტროლი უკანონო თვალთვალის აღსაკვეთად.”