ახალი ამბები

პარკი თბილისის ზღვაზე – კახა კალაძის დაპირება

16 აგვისტო, 2017 •
პარკი თბილისის ზღვაზე – კახა კალაძის დაპირება

“ქარული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე მერად არჩევის შემთხვევაში თბილისის მოსახლეობას პარკის მოწყობას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჰპირდება.

“დღეს ჩვენ ვიმყოფებით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დენდროლოგიურ პარკში. მინდა გაჩვენოთ, თუ რა სილამაზესთან გვაქვს საქმე. ეს ტერიტორია დღეს ითვლება პარკად, რომელიც არის აბსოლუტურად მოუვლელი და სასწრაფოდ მისახედი. ეს არის უზარმაზარი ფართობი, რომელიც არა მარტო მიმდებარე რაიონების მოსახლეობას, არამედ მთელ თბილისს მოემსახურება”,- ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე შესაძლებელია გაკეთდეს ოჯახური დასვენების უზარმაზარი სივრცე და თბილისელებს შეეძლებათ მოვიდნენ პარკში, რომელიც მოწყობილი იქნება, მათ შორის- სპორტისთვის განკუთვნილი ადგილებით, სარბენი ან ველობილიკებით. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ აუცილებელია საპიკნიკე და სასეირნო ზონების მოწყობაც.

“პირველი უნდა გაკეთდეს პარკის პროექტი, რის შემდეგაც ჩვენ დავიწყებთ მის განხორციელებას, ეს იქნება საოცარი ადგილი, თბილისის ზღვის გამწვანებისა და სიგრილის შედეგად შექმნილი უნიკალური სივრცე, სადაც ოჯახებით ამოხვალთ და დაისვენებთ”.

კალაძე ასევე ამბობს, რომ თბილისს აქვს პოტენციალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი