ახალი ამბები

შოთა მურღულია: პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა უარს ამბობს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე

29 აპრილი, 2013 •
შოთა მურღულია: პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა უარს ამბობს  სამინისტროსთან თანამშრომლობაზე

ამის შესახებ განცხადება  შოთა მურღულიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა პრაქტიკულად უარს ამბობს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე. 

შოთა მურღულია
შოთა მურღულია

“საბოტაჟის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი. აღნიშნული ფონდიდან პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტებთან ერთად პროექტების წარდგენის შესაძლებლობა პრეზიდენტის რწმუნებულებსაც ჰქონდათ. ამის მიუხედავად, მითითებულ ვადაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რწმუნებულების მიერ მხოლოდ სამი პროექტი შემოვიდა – შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის გუბერნატორებისგან. მიუხედავად იმისა, რომ გუბერანტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა და ვალდებულებაც, რომ საკუთარ რეგიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ეზრუნათ, მათ ამ შესაძლებლობაზე, ანუ მოსახლეობის პრობლემების მოგვარების რეალურ შანსზე, პრაქტიკულად უარი თქვეს”.

შოთა მურღულიას განცხადებით, გუბერნატორებს სამინისტროსთვის არც მარტში, საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს მიუმართავთ. სტიქიამ 10-ზე მეტი თვითმმართველობა დააზარალა.

“ბოლო ექვსი თვის განმავლობაში – 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე – სამინისტროს გუბერნატორებმა საკუთარ რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ათჯერ მიმართეს. გუბერნატორებმა არ იზრუნეს, რომ ეს და სხვა პრობლემები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით მოგვარებულიყო იმ წესის მიხედვით, რომელიც დადგენილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. ამის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები, თითქოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სამინისტროს 2013 წელს დაგეგმილი არც ერთი პროექტი არ შეუჩერებია. მოვუწოდებთ გუბერნატორებს, უარი თქვან ვიწროპარტიულ ინტერესებზე, გამოვიდნენ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან და ცრუ და ცილისმწამებლური ბრალდებების ნაცვლად აკეთონ საქმე, რომელიც რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას წაადგება”– განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

 რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის პირველი კვარტლის შედეგები 36 პროცენტით აღემატება 2012 წლის პირველი კვერტლის შედეგებს. საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 643 პროექტის დასაფინანსებლად 200 მილიონი ლარი გამოყო. 

 

სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციაში ქვეყნის მაშტაბით დასაქმებულია 450-მდე თანამშრომელი და მათი დაფინანსება შეადგენს 6,5 მილიონ ლარს.


“სამწუხაროა, რომ ამ რესურსის ძირიადი ნაწილი არ ხმარდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, გუბერნატორები კანონით დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ და და მათი რესურსი პრაქტიკულად საბოტაჟის ტიპის საქმიანობისთვისაა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ისინი ასევე ანგარიშვალდებულნი არიან მთავრობისა და, რაც მთავარია, საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ამიტომაც მოვუწოდებთ გუბერნატორებს, უარი თქვან ვიწროპარტიულ ინტერესებზე, გამოვიდნენ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან და, ცრუ და ცილისმწამებლური ბრალდებების ნაცვლად აკეთონ საქმე, რომელიც რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას წაადგება”– აცხადებს შოთა მურღულია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი