მისივე განცხადებით, დაკავებული თანამდებობა ირმა ინაშვილმა თავისი ნებით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება “ობიექტივის” ხელმძღვანელი.
“ობიექტივი ერთი კვირის ვადაში აღდგება განახლებული სახით. შეიცვლება წამყვანთა დიდი ნაწილი და გადაცემები” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ანი კიკნაძემ.
ინფორმაცია, რომ ირმა ინაშვილმა “ობიექტივის” ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, დღეს გამართული გამგეობის სხდომის შემდეგ გავრცელდა. გამგეობის ხდომის დაწყებამდე ირმა ინაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ “ობიექტივის” ფუნქციონირების შეწყვეტა უშუალოდ მისი გადაწყვეტილება იყო:
“ჩვენ უკვე შევწყვიტეთ ფუნქციონირება. მე გუშინ, პირდაპირ ეთერში გავაკეთე განცხადება, მივმართე გამგეობას, რომ “ობიექტივმა” შეწყვიტოს მაუწყებლობა. დღეს ჩემი პოზიციები უნდა დავიცვა გამგეობის სხდომაზე. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ამ წინადადდებით მივმართე გამგეობის წევრებს”.– განაცხადა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილმა ” ნეტგაზეთთან” არ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მან “ობიექტივის” ფუნქციონირების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ჩამოთვალა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც, მისი აზრით, შესაცვლელია:
” მე ვფიქრობ, გასაკეთებელია რეორგანიზაცია, გასაანალიზებელია ტელემაყურებლის ის სივრცე, რომელიც ჩვენზეა პირდაპირ მობმული. ინტერაქტიული ტელევიზია, უამრავი ადამიანი რეკავს ეთერში და აუდიტორიის კვლევის ჩატარებას ვფიქრობ, რა აუდიტორიაა ეს. ვფიქრობ ასევე მომავალში ბადის განახლებას და საერთოდ მაუწყებლობის სტილის შეცვლას, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმატი შეუცვლელი იქნება იმიტომ, რომ მართლა კარგად განავითარა ეს ობიექტივმა. ეს მიზეზები, რაც ჩამოგითვალეთ, დახურვას არ უკავშირდება. სხვა მიზეზებზე არ მინდა საუბარი. დახურვასთან დაკავშირებით გამგეობის სხდომის შემდეგ შემიძლია ვისაუბრო”– განაცხადა ინაშვილმა.
“ნეტგაზეთის” შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა “ობიეტივის” ფუნქციონირება აღდგეს, რადგან ირმა ინაშვილი რეორგანიზაციაზე საუბრობს, “ობიექტივის” წარმომადგენელმა განაცხადა:
“არა, არ ვარ დარწმუნებული. ეს ჩემი სურვილები იყო, გუშინ, გუშინწინ, ახლაც არის ჩემი სურვილი, რეფორმა გავატარაო, მაგრამ დახურვა და მაუწყებლობის შეჩერება სხვა მიზეზებთან არის დაკავშირებული” –განაცხადა ინაშვილმა.
” ნეტგაზეთი” შეეცადა ირმა ინაშვილთან დაკავშირებას გამგეობის სხდომის დასრულების შემდეგ, მაგრამ ვერ მოხერხდა.