მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები კომპენსაციას მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცები გერმანიისგან 2500 ევროს ოდენობის ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.  კომპენსაციაზე განაცხადი უკვე გააკეთა ბორჯომში მცხოვრებმა 102 წლის ვეტერანმა.

ვეტერანების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.

კომპენსაცია 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე პერიოდში ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს ეხებათ.

“გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რათა უფლებამოსილმა პირებმა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 30 სექტემბრამდე, შეძლონ განცხადების წარდგენა. დაზუსტებისთვის, მხოლოდ თავად დაზარალებულს ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადებით მიმართვა. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა”, -წერია განცხადებაში.

“ნეტგაზეთთან” საუბარში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურს კომპენსაციის მოთხოვნით ორმა ადამიანმა უკვე მიმართა. მათგან ერთ-ერთი ბორჯომში მცხოვრები 102 წლის კაცია.  მისივე თქმით, სამსახურის რეგიონული ოფისები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით და იძიებენ ტყვედ ჩავარდნილთა შესახებ ინფორმაციას.

“პირი, რომელსაც კომპენსაციის მიღება შეუძლია, უნდა იყოს განმცხადებელი, ანუ ცოცხალი. გარდაცვლილი ან მისი მემკვიდრე კომპენსაციას ვერ მიიღებს. საქართველოში სულ დაახლოებით 933 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა რეგისტრირებული. ეს არის 9 მაისის მონაცემები. ამის შემდგომ შესაძლოა ვინმე გარდაიცვალა. ამ 933 ადამიანიდან შეიძლება მხოლოდ მესამედი იყოს ტყვედ ჩავარდნილი. თუ ვეტერანს გადადადგილება არ შეუძლია, მაშინ მას აქვს უფლება, მინდობილობით სხვა პირი გამოგზავნოს,”-ამბობს დავით გოგოლაშვილი.

საბჭოთა ჯარისკაცებისთვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო. Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიამ კომპენსაციისთვის, ჯამში, 10 მილიონი ევრო გამოყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მარიამ ვარადაშვილი