ახალი ამბები

ლარსის გავლით მიმოსვლა შარშანდელთან შედარებით გაორმაგებულია [ინფოგრაფიკა]

15 აგვისტო, 2017 • 3930
ლარსის გავლით მიმოსვლა შარშანდელთან შედარებით გაორმაგებულია [ინფოგრაფიკა]

ნეტგაზეთმა შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს 8 აგვისტოს მიმართა, საიდანაც 2016-2017 წლების ივლისის თვეში გადაადგილებულ მოქალაქეთა და შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკური მონაცემები ვითხოვეთ.

შსს–ს მიერ გამოგზავნილი მონაცემებით, 2016 წლის ივლისთან შედარებით, 2017 წლის ივლისში ლარსის გავლით საქართველოდან რუსეთში გასულ და რუსეთიდან საქართველოში შემოსულ ადამიანთა რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო ყველაზე უფრო ხშირად საზღვარს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები კვეთენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, ჯამში, 2017 წლის ივლისში ლარსიდან საქართველოში 185965 ადამიანი შემოვიდა, ხოლო 153176 გავიდა. 2016 წლის ივლისში, სტატისტიკის მიხედვით, ლარსიდან საქართველოში 1116060 შემოვიდა, ხოლო 88427 ადამიანი გავიდა. ამავე სტატისტიკით, 2017 წლის ივლისში ს.ს.კ.გ. “ყაზბეგზე” უცხო მოქალაქეებზე უარის თქმის 40 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2016 წლის ივლისში- 35.

გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციით შედგენილ ინფოგრაფიკას ქვეყანაში შემოსულ და გასულ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების შესახებ, რომელიც ასახავს მხოლოდ 2016 და 2017 წლების ივლისში ლარსის გავლით მათ მიმოსვლას.

ს.ს.კ.გ. “ყაზბეგზე” გადაადილებულ მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემები (2016 და 2017 წლების ივლისის თვის შედარება)
Infogram

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სერიოზული შეფერხებებია და მომლოდინე მანქანების რიგი 5 კილომეტრსაც აღწევს. მაღალია ჰაერის ტემპერატურაც, რაც რიგში დგომას გაუსაძლისს ხდის. ნეტგაზეთი რამდენიმე დღის წინ დავუკავშირდა შსს-ს ამ თემაზე ინფორმაციის მისაღებად, თუმცა მათგან ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების კონტროლი დაავალა. პრემიერმა სამინისტროებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გამშვებ პუნქტთან რიგებში მომლოდინე ადამიანების მიმართ.

ლარსის გამშვები პუნქტი (ს.ს.კ.გ. “ყაზბეგი”). ფოტო: გურამ როგავა

ლარსის გამშვები პუნქტი (ს.ს.კ.გ. “ყაზბეგი”). ფოტო: გურამ როგავა

მასალების გადაბეჭდვის წესი