ახალი ამბები

სამინისტრო ვაშლების დარიგებაზე დაახლოებით 90 ათას ლარს დახარჯავს

15 აგვისტო, 2017 • 2505
სამინისტრო ვაშლების დარიგებაზე  დაახლოებით 90 ათას ლარს დახარჯავს

განათლებისა  და მეცნიერების სამინისტრო პირველ ეტაპზე ვაშლების დარიგების კამპანიაზე დაახლოებით 90 ათას ლარს დახარჯავს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სამინისტროს პროექტების მენეჯერმა, მაია მუშკუდიანმა განუცხადა.

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ კამპანიის მიზანს  ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

“ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა დასრულებულია. ტენდერი ამ კვირაში გამოცხადდება. ტენდერი რომ დასრულდება, საბოლოოდ მაშინ გაირკვევა, რა დაჯდება, თუმცა უკვე გვაქვს არაზუსტი მონაცემები. სექტემბერ- დეკემბრის პერიოდზე, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 90 000 ლარი დაიხარჯება”. -აცხადებს მაია მუშკუდიანი.

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დაახლოებით 45 ტონა ვაშლი 20 000 ბავშვს დაურიგდება.

პირველ ეტაპზე, რაც სექტემბერ-დეკემბრის პერიოდს მოიცავს, სამინისტრომ შეარჩია თბილისის დიდი სკოლები – სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 2000 აღწევს. სამინისტროს ინფორმაციით, სულ შეირჩა 10 ასეთი სკოლა. თბილისის თითოეული რაიონიდან ვაშლი ორ სკოლაში დარიგდება.

“ტენდერისთვის  მოსამზადებელი პერიოდი უკვე მიმდინარეობს და დღეს ან ხვალ გამოცხადდება. პირველი ეტაპი დეკემბერში დასრულდება, ხოლო იანვრიდან უკვე ვფიქრობთ, რომ გავაფართოოთ სკოლების რაოდენობა”,-განაცხადა მაია მუშკუდიანმა.

მეორე ეტაპზე ვაშლების დარიგების კამპანია სრულად ვერ მოიცავს ყველა სკოლას. სამინისტროში ამის მიზეზად მოსწავლეების რაოდენობას ასახელებენ. საქართველოში 2 800 სკოლაა, სადაც  550 000 ბავშვი სწავლობს.

ვაშლების დარიგების კამპანიაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.  მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებს თითო ვაშლს დაურიგებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი