ივანიშვილი გია ხუხაშვილს დახმარებისთვის მადლობას უხდის

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გია ხუხაშვილი მას ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების მოგვარებაში დაეხმარა, რისთვისაც მადლობას უხდის:

 

“რკინიგზას რა სარგებელიც უნდა მიეღო, ამას ბიზნესმენები ღებულობდნენ და ბიზნესს ეძახდნენ, გია ხუხაშვილი ძალიან დამეხმარა ამის დარეგულირებაში, მხოლოდ ამ ნაწილში, რაც ტრანზიტს შეეხება, ახლა ყველა ფული წავა სახელმწიფოში, ის, რაც სახელმწიფოსია. ეს არ არის ბიზნესი”, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ზე, გადაცემა “პოზიციაში”. მისი თქმით, ის ფული, რომელიც რკინიგზისა და სატრანზიტო ხაზების მეშვეობით შემოდიოდა, “ მიდიოდა ოთხ–ხუთ კაცთან, ვინც ელიტური კორუფციის მამამთავრები იყვნენ და ვითომ კორუფციას რომ ებრძოდნენ ამავდროულად”.


ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის, რაც გია ხუხაშვილმა გააკეთა, ბიზნესმენებმა ძალიან კარგად გაიგეს და აქ კითხვები აღარ არსებობს.

“ეს რკინიგზას მივაკუთვნეთ ჩვენ, ახლა ყველაფერს აიღებს სახელმწიფო და აიღებს რკინიგზა. ამაში გია დამეხმარა და მე შემიძლია მადლობა გადავუხადო. ხმებს კი ის ბიზნესმენები და ჩინოვნიკები ავრცელებენ, ვისაც ეს არ აწყობს და განაწყენებული დარჩა და უნდათ რომ ამას სხვა მიმართულება მისცენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge