“ომბუდსმენის ეჭვები მე შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, მაგრამ არა დასტურად. დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაწყებულია. რა თქმა უნდა მეც დიდი ეჭვი მაქვს იმ საკითხებზე რაც გამოითქვა ომბუდსმენის მიერ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ხდებოდა რეალობაში, მაგრამ თავს შევიკავებ. ალბათ უახლოეს დროში გამოძიება დასრულდება და ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებთ. შეიძლება შოკისმომგვრელსაც კი”, – განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა “პოზიციაში” საუბრისას.
მისი თქმით, გამოძიების შედეგად ძალიან ბევრ შოკისმომგვრელ ინფორმაციას გავიგებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ წინა ხელისუფლება შესაძლოა თანამშრომლობდა ბოევიკებთან. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თუკი ეს ფაქტები გამოძიებით დადასტურდება, ქვეყნის იმიჯი არ დაზიანდება:
“ეს დააზარალებს ქვეყნის იმიჯს იმ შემთხვევაში, თუ ამას სხვა ქვეყნები გამოიძიებენ და დაადასტურებენ, მაგრამ თუ ამას ახალი ხელისუფლება იზამს და თანაც აჩვენებს, რომ უარს ამბობს მსგავს ქმედებებზე და მკვეთრად გავემიჯნებით ჩვენ ამის მსგავსს, ეს პირიქით იმოქმედებს”.
საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ლაფანყურის სპეცოპერაციას, სადაც საუბარია იმაზე, რომ 120 ჩეჩნური წარმოშობის მოქალაქე საქართველოში ჩამოვიდა გასული წლის გაზაფხულზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ორგანიზებით. უჩა ნანუაშვილის თქმით, ვაზიანის და შავნაბადას სამხედრო ბაზაზე ხდებოდა მათი წვრთნა, ხოლო შსს–ს მაღალი თანამდებობის პირები მათ უფორმებდნენ იარაღს და აძლევდნენ სხვადასხვა დოკუმენტაციას.
სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდა შსს–ს მინისტრის მაშინდელ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და შსს–ს მაღალჩინოსნებს – სანდრო ამირიძეს და ზურა მაისურაძეს.
რამდენიმე დღის წინ კი რუსულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მონაწილე იწვრთნებოდა იმ სემინარებზე, რომლებსავ საქართველოს სპეცსამსახურები ამერიკელებთან ერთად ატარებდნენ. ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-მ უარყო.