სოხუმის უნივერსიტეტის შენობის მეშვიდე სართულზე სტუდენტებთან დაგეგმილი შეხვედრა შენობაში ლიფტის არარსებობის გამო რექტორის კაბინეტში ჩატარდა. ხალხმრავლობისა და დარბაზში შეღწევის უამრავი მსურველის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი – საპატრიარქოს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური კორპუსი, პრესა და სტუდენტთა მცირე ჯგუფი ესწრებოდა.

 

თავის სიტყვაში კათალიკოს პატრიარქმა უმეტესად ადამიანის ცხოვრებაში სულიერებისა და მეცნიერების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა:

 

“პირველადი არის რწმენა და რწმენაზე უნდა აშენდეს მეცნიერება,” – განაცხადა პატრიარქმა და ხელისუფლებასა და უნივერსიტეტს მეცნიერებისთვის მეტი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდა.

 

“ახალგაზრდები პრაგმატული საკითხების სწავლას ანიჭებენ უპირატესობას, ეკონომიკისა და სხვა მიწიერ ფაკულტეტებზე. ისეთი ზუსტი მეცნიერებები კი, როგორიც არის მათემატიკა, ნაკლებად აინტერესებთ,” – ამბობს ილია მეორე.

 

პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიური საკითხებით დაინტერესებაზეც გაამახვილა და სოხუმის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პროგრამაში ეკოლოგიის, როგორც საგნის შეტანა სთხოვა.

 

“თბილისის გამწვანებას სათავეში უნდა ჩაუდგეს თქვენი უნივერსიტეტი… სულ ცოტა 500 ან 1000 ძირი მაინც უნდა გამოიყვანოს თითო სტუდენტმა,” – განაცხადა პატრიარქმა.

 

2009 წელს პატრიარქმა სოხუმის უნივერსიტეტი მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *