ახალი ამბები

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის საქმის არსებითი განხილვა იწყება

26 აპრილი, 2013 • 1295
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის საქმის არსებითი განხილვა იწყება

დაცვის მხარეს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი წარმოადგენდა, ხოლო ბრალდების მხარეს – პროკურორი რევაზ თოფურია.


წინასასამართლო სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს. მოსამართლე დავით გოგიბედაშვილმა დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად არ მიიჩნია.


თემურ ცამციშვილის ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მოსამართლე პირიქით უნდა მოქცეულიყო:


“ბრალდებამ წარმოადგინა მტკიცებულებები, ასევე, ჩვენც. მათი მტკიცევულებები დასაშვებად ცნო სასამართლომ. მათ წარმოადგინეს 15 ჩვენება, რომელშიც საერთოდ ნახსენებიც არ არის თემურ ცამციშვილი. უკანონოდაა წარმოებული გამოძიება, გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობდა, გამომძიებელი უბრალოდ ადგა და დაიწყო გამოძიება, ასე არ შეიძლება, ვიღაცამ უნდა განაცხადოს დანაშაულის შესახებ”, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ბრალდების მხარემ პროცესზე არსებითი განხილვის დანიშვნის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე დავით გოგიბედაშვილმა დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა 7 მაისს ჩაინიშნა


თემურ ცამციშვილის თქმით, მოსამართლის ამ გადაყვეტილებას არ ელოდა:


“ნამდვილად არ მეგონა, იმის დადგენას, თუ რამდენი კილომეტრია თბილისსა და ქუთაისს შორის, არსებითი განხილვა თუ დასჭირდებოდა და იმედი მაქვს, 7 მაისს საბოლოოდ დაადგენენ, თუ რამდენი კილომეტრია დედაქალაქსა და ქუთაისს შორის”, – განაცხადა ცამციშვილმა.


პროცესის დაწყებისას ჟურნალისტებს მოსამართლემ რამდენიმე წუთით ფოტო და ვიდეოგადაღების უფლება მისცა.


პროკურატურამ ცამციშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურსა და შპს “შპს”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აღნიშნული შპს მერიას სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 6 ათას ლარზე მეტი იყო გაფლანგული.


თემერ ცამციშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასილარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი