ახალი ამბებისამართალი

სააკაშვილისა და ჯანაშიას საქმის განხილვა აქციის ფონზე

10 აგვისტო, 2017 • 3552
სააკაშვილისა და ჯანაშიას საქმის განხილვა აქციის ფონზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით საქმის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ბრალდებულებს, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული.

“მოვედით სიცრუის, სიყალბის წინააღმდეგ. სასამართლო უნდა მიმდინარეობდეს არა მიხეილ სააკაშვილის პიჯაკებსა თუ სტუმრებზე, არამედ იმ ამჟამინდელი მინისტრების, მოადგილეების წინააღმდეგ, რომელიც იმ თანხას, რომელიც დამსახურებული პენსიონერებისათვის არის გამოყოფილი, ხარჯავენ ნახევარ საათში. აი, ზუსტად ამათი პროცესი უნდა მიმდინარეობდეს და არა ეს უაზრო, დაუმთავრებელი კლოუნადა. რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ სარჩულს, ვერ დაივიწყეს ქვეყნის აღმშენებლის ღვარძლი და შური. ამ პროცესს მართავს რუსეთის მიერ მოსყიდული, კორუმპირებული, კოლაბორაციული სახელმწიფო და სასამართლო”, – უთხრა ნეტგაზეთს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მზია რიონიძემ.

პროკურატურა სააკაშვილსა და ჯანაშიას 8 837 461 ლარის გაფლანგვას ედავება. საქმის ერთ-ერთი ეპოზოდია მასაჟისტ დოროთი შტეინის, ე.წ. „დოქტორ დოტის“ საქართველოში ვიზიტი.

“დოქტორ დოტის ხარჯები გაწეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ და ეს საქმეში დევს და დოქტორ დოტის არც ერთ თეთრზე ბრალი არც მიხეილ სააკაშვილს, არც თემო ჯანაშიას არ წაუყენეს. შესაბამისად, პროკურატურა ამ საკითხს იყენებს, როგორც დისკრედიტაციის საშუალებას”, – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
მისივე თქმით, თუ ადამიანს ბრალად არ უყენებ და არ ედავები კონკრეტული ხარჯის გაწევას, ე.ი. იყენებ დისკრედიტაციისთვის.
“ჩვენ დავკითხეთ სააკაშვილის დაცვის წევრი, ზურაბ ჭყოიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დოქტორ დოტისთვის უნდა გაეწია მასპინძლობა. მართალია, მან არ იცოდა, რა ხარჯებით მოხდებოდა დოტის სასტუმრო “კოპალაში” განთავსება, თუმცა, ეს სასამართლო სხდომაზე ჩვენ დავადგინეთ. მისი იქ ყოფნა დაფინანსებული იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. ჩვენ დავკითხეთ, პირი, რომელმაც უშუალოდ გადაიხადა დოქტორ დოტის ყოფნისა და კვების ხარჯები. თუ ჩვენ გვაინტერესებს მაინცდამაინც რატომ ეს ეპიზოდი? როგორც ცნობილია, დოქტორ დოტი საქართველოში იმყოფებოდა 2009 წლოს თებერვალში. ეს ინფორმაცია იყო საიდუმლო და ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა თვითონ დოქტორ დოტის მხრიდან. ამას მარტი-აპრილის თვეში საზოგადოების მხრიფან მოჰყვა დიდი სკანდალი და სწორედ ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსგავსი ყველა ხარჯი – ბოტოქსები, საჩუქრები, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს აღშფოთებას გამოიწვევდა, ყოფილიყო საიდუმლო წესით. ვინაიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ნახევრად გასამხედროებულია, მისი ბიუჯეტი და ხარჯები არის საიდუმლო, რაც საკმაოდ ხელსაყრელი იყო პრეზიდენტისთვის, რომ ხარჯები არამიზნობრივად დახარჯულიყო, არა კანონით, არამედ საიდუმლოდ”, – აცხადებს საქმის პროკურორი, ნათია სონღულაშვილი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სახსრებიდან დახარჯული აქცს 9 მილიონზე მეტი.
“აქედან 600 000 კოსმეტიკურ საშუალებებზე, ხოლო მილიონზე მეტი საჩუქრებზე, პირადი მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არაა პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე. ეს არის არაოფიციალური ვიზიტები ან ხარჯები, რომელთა დაფინანსება ადმინისტრაციის მიერ კანონით იყო შეუძლებელი”, – ამბობს პროკურორი.
“ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს არ არის პროკურატურის მიერ სისხლისამართლებრივი დევნა. ეს არის პოლიტიკური დევნა, ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს. აქ პროკურორი საუბრობდა რაღაც არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებზე. თქვენ იცით, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ხარჯი მედიკამენტებზე არის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე სხვადასხვა სოციალურად დაუცველი პირებისთვის. აქ რომ პროკურორი საუბრობს საჩუქრებზე, აქვე აღსანიშნავია, რომ ამ თანხებში 700 ათასზე მეტი არის საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯული. მათ შორის მიუსაფარი ბავშვების თავშესაფრებისთვის. აქ საუბარი იყო ბრალზე სააკაშვილისა და ჯანაშიას ვაცლავ ჰაველის, კაჩინსკის და სხვა საფლავებზე თაიგულებზე. ეს საქმე არის სამარცხვინო, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული და გრძელდება 2015 წლიდან”, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილია.
პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას  შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით (მითვისება/გაფლანგვა) დაიწყო2013 წლის გაზაფხულზე, ხოლო 2014 წლის 13 აგვისტოს პროკურატურამ ამ საქმეზე ექსპრეზიდენტსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს წარუდგინა ბრალი.
ვრცლად ამ საქმეზე ბრალის დადგენილებას გაეცანით ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი