ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 2013 წლის იანვარ–მარტში ექსპორტი არის გაზრდილი და იმპორტი შემცირებულია:”იმპორტის შემცირება იმდენი იყო, რომ ამან გამოიწვია მთელი ბრუნვის შემცირება. სამწუხაროდ, ექსპორტის ზრდა არის მცირე. ექსპორტის ზრდა განაპირობა ბიზნესის თავისუფლებამ, ხოლო იმპორტის შემცირება- ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებამ.”
ხადურის განცხადებით, ქვეყანას 2013 წელს უფრო მეტი პროდუქტი გააქვს ადგილობრივი წარმოებიდან: ” ექსპორტში დაწინაურდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია. მაგალითად, იანვარ– თებერვალში 600 პროცენტით იყო გაზრდილი მანდარინის ექსპორტი.”
„საქსტატის“ მიერ 2013 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2.14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მცირეა.
საქართველოს ექსპორტმა იანვარ–მარტში 565 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან, ხოლო იმპორტმა 1.58 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ–მარტში 1.01 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ–მარტში 306.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა თურქეთიდან 269 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან თურქეთში მხოლოდ 37.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 296.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მესამე ადგილზეა სავაჭრო პარტნიორებში უკრაინა – 157.3 მილიონი აშშ დოლარით, შემდეგ ჩინეთი – 156 მილიონი აშშ დოლარით და რუსეთი –121.3 მილიონი აშშ დოლარით. გერმანიასთან სავაჭრო ბრუნვა 104.8 მილიონი აშშ დოლარია, აშშ–სთან – 102.6 მილიონი აშშ დოლარი, სომხეთთან – 84 მილიონი აშშ დოლარი, რუმინეთთთან – 70.9 მილიონი აშშ დოლარი და ბულგარეთთან – 66.2 მილიონი აშშ დოლარი.