ახალი ამბები

პატიმართა წამების საქმის შეფასებისთვის გერმანელი ექსპერტის საქართველოში ვიზიტი დაიწყო

25 აპრილი, 2013 • 1120
პატიმართა წამების საქმის შეფასებისთვის გერმანელი ექსპერტის საქართველოში ვიზიტი დაიწყო

საქმე ეხება საქართველოში  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაწყებულ ფართომასშტაბიან გამოძიებას, სადაც  დაკითხულია  2000-ზე მეტი პირი.


“საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოიკვეთა დანაშაულის სისტემური ხასიათი. გერმანელი ექსპერტის საქართველოში მოწვევის მიზანი ქართველი კოლეგებისათვის სისტემური დანაშაულის შეფასების საკითხში გამოცდილების გაზიარებაა, რადგან მსგავსი მასშტაბური დანაშაული საქართველოს რეალობაში არ გახსნილა და არ წარმართულა სასამართლოს წინაშე; საჭირო გახდა სათანადო კვალიფიკაციის მქონდე ექსპერტების მოწვევა, რათა მათი გამოცდილების გათვალისწინებით შეფასდეს მომხდარი  და ფაქტებს  სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს. 


პამელა კნაუსი უკვე შეხვდა საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს. შტუტგარტის პროკურატურის პროკურორი სამუშაო შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგებთან და კონსულტაციას გაუწევს  პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების (როგორც სისიტემური დანაშაულის) შეფასებაში.


გერმანელი პროკურორის ვიზიტი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ხორციელდება.


საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 16 აპრილს, ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი უწყება მუშაობს იმაზე, რომ ციხეებში განვითარებულ მოვლენებს სამართლებრივი შეფასება მისცეს და ამ მიზნით სათანამშრომლოდ გერმანელ ექსპერტ–სამართალმცოდენს იწვევს ამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი