‘გირჩი’ აცხადებს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს აღარ მიიღებს, რადგან 7 ათასზე მეტი ხელმოწერა ვერ მოაგროვა.
გირჩმა განაცხადა, რომ იგი იმ შემთხვევაში მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, თუ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერას შეაგროვებდა. პარტია ხელმოწერებს თავის საიტზე ელექტრონულად აგროვებდა.
“ჩვენ შევაგროვეთ 7,000-ზე მეტი ხელმოწერა და უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებისადმი პატივისცემის გამო არ ვაპირებთ საკუთარი დაპირების გადათქმას”, – აცხადებს “გირჩი”.
“გირჩი” აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ჩამოცილდებიან საარჩევნო პროცესს, ისინი იქნებიან აქტიური მთელი წინასაარჩევნო პერიოდი.
გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 31 ივლისს მიიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ათასი ხელმოწერა, რომლიდანაც მხოლოდ 13 მიიჩნია ცესკომ ვალიდურად, დანარჩენი არ მიიღო.
გირჩი აკრიტიკებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი არც ერთი განცხადება არ იყო ნამდვილი თუმცა ცესკომ 13 ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა.
“ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს რომ ხელმოწერების წარდგენასთან დაკავშირებული კანონის ეს მოთხოვნა რეალურად გულისხმობს მხოლოდ მაკულატურის შეგროვებას და უბიძგებს პარტიებს არა რეალური მხარდამჭრების მოძიებისკენ, არამედ ცესკოს ბლანკებში არსებული ბაზებიდან მონაცემების ზედმიწევნით სიზუსტით გადაწერისკენ”, – აცხადებს გირჩი.
გირჩმა მადლობა გადაუხადა იმ 7,000-ზე მეტ ადამიანს ვინც მხარი დაუჭირა.
“თქვენ ხართ ის ადამიანები რომლებსაც მინიმუმ მობეზრდა ამ ერთფეროვან წუმპეში ცხოვრება. მიუხედავად იმისა რომ რაღაც საკითხებში არ გვეთანხმებით, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ჩვენი არც ქცევა მოგწონთ და არც გამოხატვის ფორმები, საბოლოო ჯამში გირჩი ხართ თქვენ, რადგან თქვენი არსებობა გვაძლევს სტიმულს გავაგრძელოთ თავისუფლებისთვის ბრძოლა მახინჯი სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ’, – წერია გირჩის განცხადებაში.