ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში ბათუმის მერიის განთავსებაზე ისაუბრა

25 აპრილი, 2013 • • 1178
ეკონომიკის მინისტრმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში ბათუმის მერიის განთავსებაზე ისაუბრა

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

“ეს საკმაოდ ისეთი, მე ვიტყოდი, რთული შენობა არის. გამომდინარე მისი სპეციფიკიდან, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ გადაწყდა ბათუმში მდებარე ზემოთ ხსენებულ შენობაში მერიის გადატანა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს სპეციფიკაში. 

 

 ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში ბათუმის მერიის განთავსების საკითხზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა ისაუბრა. ამ  საკითხს  23 აპრილს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.


“ჩვენ ბათუმში ავაშენეთ ძალიან მაგარი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ეს უნდა ყოფილიყო ამერიკული ტექოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც ქართველების უმეტესობა განათლებას მიიღებდა უფასოდ, ამაზე გრანტები იყო გამოყოფილი, ჩამოვიყვანდით საუკეთესო პროფესორებს, მოგვიმზადებდნენ საუკეთესო ინფორმატიკის სპეციალისტებს, მშენებლებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და ის, რაც ჯდება ამერიკაში 50 000 დოლარი, აქ ქართველების უმეტესობისთვის ეს იქნებოდა უფასო და ავაშენეთ ულამაზესი შენობა, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა. 1 ოქტომბრის შემდეგ არა მხოლოდ ეს პროექტი გაიყინა, არამედ დღეს გავიგე ისეთი ამბავი, რომელიც ძალიან ძნელი დასაჯერებელია, ბათუმის მერიამ თქვა, რომ უნივერსიტეტი აღარ იქნება და ჩვენ უნდა გადავიდეთ და ჩვენ დავჯდეთ იქ, უნივერსიტეტის შენობაშიო. მოეწონათ შენობა ბიჭებს, წარმოუდგენიათ, აუდიტორიებს როგორ გადააკეთებენ თავის კაბინეტებად, ფეხს ფეხზე როგორ შემოიწყობენ და როგორ აიღებენ ქრთამებს წყნარად და როგორ ჩააწყობენ საქმეებს. რამე მაინც აეშენებინათ, რაც მოვიდნენ, ლაპარაკობენ ნგრევაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


ეს შენობა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის სექტემბერში გახსნა და განაცხადა, რომ აქ ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იფუნქციონირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი