საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელის, დავით გელაშვილის თქმით, მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მხოლოდ დაქრობითი სამუშაოები. მისი ინფორმაციით, დამწვარია 20 000 კვადრატული მეტრი ფართობი – ძირითადად, ბუჩქნარი.
“მყისიერი რეაგირების შედეგად, მიუხედავად რთული რელიეფის და ძლიერი ქარისა, ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 10–ზე მეტი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი და 70–მდე მეხანძრე მაშველი. დაშავებული არავინ გვყავს,” – განაცხადა გელაშვილმა.
დავით გელაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ფიზიკურად ვერ მოუდგებოდა ხანძარს, რადგან ძალიან რთული რელიეფია:
“ამის გამო მეხანძრეები ვერ ამოვიდნენ ქვემოდან. ძლიერი ჯაგნარები და გაუვალი ბუჩქნარია. ამიტომ ტექნიკის მობილიზება მოხდა “ბომბორას” ტერიტორიაზე, საიდანაც მოხდა ხანძრის ლოკალიზება. რელიეფიდან გამომდინარე და ფორმიდან, რომელიც ჰქონდა ხანძარს, საფრენი საშუალებები ნაკლებად ეფექტური იქნებოდა და არც იყო ამის აუცილებლობა.”
მთაწმინდის ფერდობზე ძლიერი ხანძარი 8 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე გაჩნდა. თავდაპირველად, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა, თუმცა იმის გამო, რომ ვერ უდგებოდა ავტომობილი ხანძრის კერებს, დამატებით სახანძრო ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო. მეხანძრეებთან ერთად, ხანძრის ჩაქრობას ნიჩბით და ბარებით მოქალაქეებიც ცდილობდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.