კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ვეტოს გამოყენება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში, განურჩევლად იმისა, თუ რას ფიქრობს უზენაესი სასამართლო, პარლამენტი თუ მთავრობა.
“ჩემი მოსაზრება არის ის, რომ ეს შემოთავაზება, საბოლოო ვარიანტი, რომელზეც პრემიერთან მქონდა კონსულტაცია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთანაც, ნაწილობრივ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მიუხედავად ამისა, სასამართლო სისტემის პოზიცია არის ის, რომ ვეტო დაიძლევა თუ არა, ჩვენ ამ იმ კანონის მიხედვით ვიმოქმედებთ, რაც იქნება მიღებული და საბოლოოდ ძალაში შესული”, – აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
მიხეილ სააკაშვილმა უკვე საკუთარი შენიშვნები გაუზგავნა პარლამენტს, რომლის მიხედვითაც ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილების შეცვლას, საბჭოში მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული შეზღუდვის კორექტირებას, პარლამენტის მიერ ასარჩევ წევრთა არჩევის განსხვავებული წესის შემოღებას და იუსტიციის საბჭოში ერთი წევრის პრეზიდენტის მიერ არჩევას.
კოტე კუბლაშვილის თქმით, მან უკვე დააფიქსირა პოზიცია იუსტიციის საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებით და ეს პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ პარლამენტს გაეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის დასკვნა და ისე მიეღო კანონი:
“როგორც გითხარით, ახლა ეს ნაწილობრივ არის ასახული. რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნებს, არ გავცნობივარ, მაგრამ პრეზიდენტის მიერ ერთი წევრის არჩევის დატოვების უფლება არ არის მხოლოდ პრეზიდენტის სურვილი, ეს წერია კონსტიტუციაშიც, ეს ნორმა ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ალბათ ამას გაუსვა ხაზი პრეზიდენტმა”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
უზანესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ იქმნება მოსამართლეთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მხარს დაუჭერენ სასამართლო რეფორმას. ასეთი ჯგუფის შექმნის თაობაზე ისაუბრა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ხუჭუამ:
“ჩვენი სურვილია, მოსამართლეთა კონფერენციაზე, დახურული კენჭისყრის პირობებში, იუსტიციის საბჭოში არჩეული იყვნენ ღირსეული, ვინმესგან და რაიმესგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ და ქართულ სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური შანსი გაუჩნდება. ჩვენი ჯგუფი არ არის ერთადერთი, სხვა ჯგუფებიც არის შექმნილი და ისინიც არანაკლებ აქტიურად მუშაობენ ამ მიზნისთვის”, – განაცხადა ხუჭუამ.
“ერთადერთი, რაც წავიკითხე, ეს იყო ერთი მოსამართლის განცხადება საინიციატივო ჯგუფიდან, თუმცა ამ მოსამართლესთან დაკავშირებული ასეთი ჯგუფი ჩემთვის არაა ცნობილი. გამომდინარე იქიდან, რომ იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნები იქნება, მოსამართლეები ფიქრობენ, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ კანდიდატები აირჩიონ, ეს ბუნებრივი პროცესია და მათ ხელს ვერავინ ვერ შეუშლის. მთავარია, არ მოხდეს ჩარევა გარე ძალების მიერ”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია უკვე ცნობილია პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, ისინი მიხეილ სააკაშვილის შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებენ. ვეტოს დასაძლევად პარლამენტს 89 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება.