ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნებართვოდ უცნობი პირები შევიდნენ

24 აპრილი, 2013 • 997
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნებართვოდ უცნობი პირები შევიდნენ

“დღეს, დღის პირველ ნახევარში, ყოველგვარი ინფორმირების გარეშე, გაურკვეველი ორი პიროვნება, ვერცხლისფერი მანქანით, შემოვიდა იმ შემოსასვლელიდან, საიდან შემოსვლის უფლებაც აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, პატრიარქს და პრემიერ–მინისტრს. არანაირი ნებართვა დაცვას არ ჰქონდა იმაზე, რომ ისინი შემოეშვათ, ამის მიუხედავად შემოუშვეს ეს ადამიანები. შემდეგ სახანძრო დაცვის წარმომადგენლებმა, რომლებიც ექვემდებარებიან პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მათ გადასცეს ე.წ. სასერვეროს გასაღები. რაც შეეხება მეორე გასაღებს, რომელიც არის ე.წ. სვიჩ რუმის გასაღები, მათ თვითნებურად მოიპოვეს ჩვენი IT სამსახურის ხელმძღვანელის უჯრიდან, შევიდნენ ამ ოთახში ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და უცნობი მიზნით”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა სპეციალურ ბრიფინგზე. მისი თქმით, ე.წ. სვიჩ რუმი არის ერთადერთი ადგილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საიდანაც ინფორმაციის მოპოვება შეიძლება:


“მე მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ თვითონ დაარქვას სახელი იმას, რაც ხდება და რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი იმას, როცა პრემიერი და მისი გუნდი ამბობენ, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება არის დაცული.


პრეზიდენტის სასახლეში არსებული კომუნიკაციები არის სრულიად დაცული და იზოლირებული ისე, რომ იქიდან ინფორმაციის მოპოვება არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ამ წერტილიდან, ამ სვიჩ რუმიდან, სადაც დღეს შეაღწიეს ჩვენთვის უცნობმა პირებმა.


და კიდევ ერთი კითხვით მინდა მივმართო საზოგადოებას, წარმოიდგინეთ, როდესაც ასეთი რამე ხდება პრეზიდენტის სასახლეში, მაშინ რა შეიძლება მოხდეს ისეთ ადგილებში, რომელიც არ არის დაცული. როდესაც დღეს მთავრობა გვიმტკიცებს, რომ მოსმენები არ მიმდინარეობს, მაშინ რა უნდოდათ სრულიად დაუკითხავად, სრულიად უცნობ პირებს ამ შენობაში და სწორედ იმ ადგილას?”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა. მისი თქმით, უცნობი პირები მალევე აღმოაჩინეს მისმა მოადგილემ და IT დეპარტამენტის ხელმძღვანელმა:


“მალევე დაადგნენ თავზე და ჰკითხეს, რას საქმიანობდნენ, რა უფლებით იყვნენ. ძალიან დაიბნენ ეს ადამიანები, არანაირი განმარტება არ მიუციათ, თქვეს, ჩვენ ასე გვითხრეს და მოვედითო, მაგრამ ვინ უთხრა ასე, ვერც ეს დაასახელეს, სასწრაფოდ აკრიფეს ყველაფერი და დატოვეს შენობა”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი