ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადება მოჯაჰედის გაუჩინარებასთან დაკავშირებით

24 აპრილი, 2013 •
ომბუდსმენის განცხადება მოჯაჰედის გაუჩინარებასთან დაკავშირებით

უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება
უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

გუშინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო ომბუდსმენმა. ამის თაობაზე ინფორმაციას სახალხო დამცველი ოფისი 24 აპრილს ავრცელებს.

“2013 წლის 23 აპრილს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2013 წლის 19 აპრილს თბილისში გაუჩინარდა დაღესტნელი მოჯაჰედი – მაგამედ მაგამედოვი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე მაგამედ მაგამედოვის მეგობრებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტის საკუთარი ინიციატივით შესწავლა დაიწყო”.


სახალხო დამცველის ცნობით,  ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით.


სახალხო დამცხველის განცხადებაში მითითებული არ არის, მიიღო თუ არა მან რაიმე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

ომბუდსმენი აცხადებს, რომ  პერმანენტულად მიადევნებს თვალყურს მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიების მიმდინარეობას.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 24 წლის მაგამედ მაგამედოვს ახლობლები უშედეგოდ ეძებენ. ის თბილისიდან 19 აპრილს, პარასკევს, დაახლოებით 12:40 საათზე გაუჩინარდა. მაგამედოვი დაღესტნელი მოჯაჰედია.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რუსეთის ხელისუფლების მიერ მაგამედ მაგამედოვზე ძებნაა გამოცხადებული, რის გამოც მაგამედოვმა 2013 წლის იანვარში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მიმართა. გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მაგამედოვთან ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი