“თქვენ იცით, რომ ჩვენ ბათუმში ავაშენეთ ძალიან მაგარი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ეს უნდა ყოფილიყო ამერიკული ტექოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც ქართველების უმეტესობა განათლებას მიიღებდა უფასოდ, ამაზე გრანტები იყო გამოყოფილი, ჩამოვიყვანდით საუკეთესო პროფესორებს, მოგვიმზადებდნენ საუკეთესო ინფორმატიკის სპეციალისტებს, მშენებლებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და ის, რაც ჯდება ამერიკაში 50 000 დოლარი, აქ ქართველების უმეტესობისთვის ეს იქნებოდა უფასო და ავაშენეთ ულამაზესი შენობა, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა.
1 ოქტომბრის შემდეგ არა მხოლოდ ეს პროექტი გაიყინა, არამედ დღეს გავიგე ისეთი ამბავი, რომელიც ძალიან ძნელი დასაჯერებელია, ბათუმის მერიამ თქვა, რომ უნივერსიტეტი აღარ იქნება და ჩვენ უნდა გადავიდეთ და ჩვენ დავჯდეთ იქ, უნივერსიტეტის შენობაშიო. მოეწონათ შენობა ბიჭებს, წარმოუდგენიათ, აუდიტორიებს როგორ გადააკეთებენ თავის კაბინეტებად, ფეხს ფეხზე როგორ შემოიწყობენ და როგორ აიღებენ ქრთამებს წყნარად და როგორ ჩააწყობენ საქმეებს. რამე მაინც აეშენებინათ, რაც მოვიდნენ, ლაპარაკობენ ნგრევაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, აჭარის მთავრობამ უკვე დაიკავა ხელივნების ინსტიტუტი, რომელიც გახსნილი იყო და სადაც სტუდენტები უკვე სწავლობდნენ. სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში ამ შენობების დაცლით უკვე დაწყებულია დეურბანიზაციის პროცესი.
ეს შენობა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის სექტემბერში გახსნა და განაცხადა, რომ აქ ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იფუნქციონირებდა.