როგორც დეპუტატმა დღეს, 23 აპრილს სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერის გზავნილები და განცხადებები PACE–ს აუდიტორიამაც ნორმალურად აღიქვა, რასაც ის მქუხარე ტაშიც მოწმობს, რომლის ფონზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა დასრულდა.
“[პრემიერის მიერ] ძალიან ზომიერი და სწორი ტონალობა იქნა შერჩეული გამოსვლისას, არა ისტერიული. პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან საქმიანი, სერიოზული და საერთოდ პირველად ვნახე, რომ აქ ყველა კითხვას გაეცა პასუხი… არც ერთ კითხვას არ გაექცა ივანიშვილი, დიდხანს არ ილაპარაკა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დარჩენილიყო კითხვებისთვის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთთან დამოკიდებულებაზე საუბრისას ივანიშვილმა ყველა ის პოზიცია დაიცვა, რომელიც საქართველოს გააჩნია.
“რუსეთთან მიმართებაში მან დაიცვა ყველა ის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ითქვა, რომ ჩვენც და რუსეთსაც გვაქვს წითელი ხაზები, რომლებსაც ვერ დავარღვევთ. აფხაზეთის და ოსეთის წარმომადგენლები მხოლოდ საქართველოს დელეგაციასთან ერთად შეძლებენ, რომ საერთოდ რამეში მონაწილეობა მიიღონ. რაც შეეხება ოკუპაციას, გამოსვლაში ხაზგასმული იყო, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ადრე თუ გვიან მაინც საქართველოს სასიკეთოდ გადაწყდება. ასე რომ, რუსეთის მხარე, მე მგონი, მთლად ბედნიერი არ დარჩა… ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ ჩამოსული, რომ ვინმე გავაბედნიეროთ: უნდა ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
იგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი კოსოვოს პრეცედენტს შეადარა.
“საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიები კოსოვო არ არის. კოსოვოსთან სხვა ვითარება იყო, მაგრაც რაც შეეხება აფხაზეთს და ოსეთს, არასოდეს ეს არ მოხდება”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.