ახალი ამბები

დარჩიაშვილი ივანიშვილის PACE-ში გამოსვლაზე: ეს არის სამარცხვინო!

23 აპრილი, 2013 • • 915
დარჩიაშვილი ივანიშვილის PACE-ში გამოსვლაზე: ეს არის სამარცხვინო!

როგორც “ნეტგაზეთს” ივანიშვილის გამოსვლის კომენტირებისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დეპუტატმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, “ეს იყო საქართველოს სირცხვილი”.


“რამდენადაც ევროპის საბჭოს ფუნქციონირება და (მინდა გითხრათ, რომ ოთხი წელი მომიწია იქ მუშაობა), რამდენადაც ევროპელების ბუნება მესმის, მე მგონია, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით ჩვენ იმის გამო, რომ ასე არის საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი. ორ რამეს გეტყვით მხოლოდ, როდესაც ევროპელები გეკითხებიან, რომ მაგნიტსკის საქმე არის რუსეთის ერთი–ერთი ყბადაღებული საკითხი და შენ რას იტყვიო, ამ დროს პასუხობ, რომ მე სად შემიძლია ახლა რუსეთზე გელაპარაკოთ და სააკაშვილზე დაგელაპარაკებითო, ეს არის ძალიან სამარცხვინო…”, – აცხადებს დარჩიაშვილი და დასძენს, რომ ევროპელებს პირდაპირ კითხვებზე პირდაპირი პასუხები უყვართ.

დავით დარჩიაშვილი– უმრავლესობის წარმომადგენელი
დავით დარჩიაშვილი– უმრავლესობის წარმომადგენელი

 

“როდესაც გეკითხებიან, რომ თქვენთან ყველაფერი წესრიგშიაო, სასამართლოზე და სხვა საკითხებზე, და შენ პასუხობ, რომ წესიერად გაეცანით ინფორმაციას და ცალმხრივები ნუ ხართო, ეგ ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რა არის ევროპა”, – აღნიშნა მან.


დეპუტატი ფიქრობს, რომ ტერმინ ოკუპაციის გამოყენება პრემიერმა რუსულ მხარესთან წინასწარ შეათანხმა.


“დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან იყო შეთანხმებული, რომ იგი ოკუპაციას იტყოდა და ეს ტერმინი გამოიყენა, მაგრამ შემდეგ, ამის მერე რაზეც ილაპარაკა, ეს აჩვენებს, რომ პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანთან ან დავით უსუფაშილთან ერთად რა დეკლარაციას მივიღებთ, რასაც სიამოვნებით ვუყარე კენჭი, არავითარი მნიშნელობა არ აქვს, სანამ ბიძინა ივანიშვილი პრემიერია”, – განაცხადა მან.


საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გოგა ხაჩიძემ კი ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებში გამოუცდელობის ნიშნები შეამჩნია.  როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, პრემიერს აშკარად ეტყობა, რომ იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი პოზიციების დაფიქსირება უჭირს.


“ის, რომ გარკვეულ საკითხებზე პრემიერს კონკრეტული პოზიცია არ აქვს შემუშავებული, ან შეიძლება აქვს, მაგრამ ასეთი მაღალი დონის ფორუმებზე მისი დეკლარირება უჭირს,  რა თქმა უნდა, პრობლემაა…  პრობლემაა გარკვეული გამოუცდელობაც, რომელიც მის გამოსვლას ახლდა თან, როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. პრობლემაა ის, რომ არსებობს ალბათ გარკვეული შინაგანი რწმენა, რომელიც მას აქვს, ან მსოფლმხედველობა და მეორე მხრივ, არსებობს მის მიერ მეტნაკლებდ დეკლარირებული პოზიციები და ამ ორი სახის პოზიციებს შორის  გაორება იგრძნობა. ხშირ შემთხვევაში სხვა რაღაცის თქმა უნდა ხოლმე, თუმცა იცის, რომ რაღაცების თქმა არ შეიძლება. მისი ეს ყოყმანი და ჩამოუყალიბებელი პოზიცია არ ხდენს კარგ შთაბეჭდილებას.  მას არ უნდა მკვეთრი, ობიექტური პოზიციების დაფიქსირება და სურს, რომ რაღაცებს თავი აარიდოს, მაგრამ არ გამოდის ასე. ეს არ არის რომელიმე რაიონში გამართული შეხვედრა, რომ ბრონირებული შუშა აიფარო და რაღაცები ილაპარაკო: “მე დავიღალე, თქვენ გააგრძელეთ” –  ევროპაში არ გამოდის და ეს შეეტყო ბიძინა ივანიშვილს”, – აცხადებს ხაჩიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი