ახალი ამბები

ივანიშვილი: ყველფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრები

23 აპრილი, 2013 • • 937
ივანიშვილი: ყველფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სწრაფად გავხდეთ  ევროკავშირის  წევრები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სტრასბურგში სიტყვით გამოსვლა ფრანგულ ენაზე დაიწყო. მან ევროკავშირის აღნიშნულ სტრუქტურას მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. ივანიშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ იგი საფრანგეთის მოქალაქეა და ფრანგულ ქალაქში იმყოფება, გამოსვლის დაწყება ფრანგულ ენაზე სურს. მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდეგ კი საუბარი ქართულ ენაზე გააგრძელა.


პრემიერ–მინისტრმა ევროკავშირის, როგორც დემოკრატიული ცენტრის მნიშნელობაზე ისაუბრა.


“ჩვენ, ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნები ყველფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სწრაფად გავხდეთ ჩვენი დიდი მომავლის, ევროკავშირის რეალური წევრები. ევროპა ახლა ყველაზე აყვავებული რეგიონია მსოფლიოში. ჩემი ქვეყნისათვის ევროსაბჭოს რიგებში ყოფნა საამაყოა. კარგად ვიცით, რომ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, რაც ხელისუფლების არჩევნების, დემორკატიული გზით გადაცემის პრეცედენტი გახდა. სწორედ ამის გამო თქვენ წინაშე გამოსვლისას დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოში დემოკრტიული მართვის გამოცდილების ნაკლებობაა.


“როდესაც შინ ჩვენ ოპონენტებთან ვკამათობთ, კარგად ჩანს, თუ რამდენად გვაკლია პოლიტიკური დებატების გამოციდლება. იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას, თავისი ახსნა აქვს. ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. გლობალიზებული მსოფლიოს გამოწვევები და პრობლემები ჩვენს წინაშეც დგას, სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ გავაგრძელებთ წინა ხელისუფლების მმართველობის პირველ წლებში წამოწყებული რეფორმების იმ მცირე ნაწილს, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთო იყო. საქართველოში ბოლო წლებში, პრაქტიკულად, ყველა სფერო მმართველი ელიტის კონტროლის ქვეშ იყო, აბუჩად იყო აგდებული კონსტიტუცია და, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის ამბიციებზე იყო მორგებული. ელიტარული კორუფცია ბიზნესის განვითარების არავითარ საშუალებას არ იძლეოდა, იგნორირებული იყო ადამიანის უფლებები, ზეწოლა ხდებოდა არა მხოლოდ განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც კი. მედია თითქმის სრულად იყო კონტროლირებადი. ჩვენ დავიწყეთ სამართლინობის აღდგენის პროცესი, ეს კი გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის წინა ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემას, ყველა სამართლებრივი პროცედურის სრული დაცვით, მაგრამ ეს გულისხმობს იმასაც, რომ უნდა შევინარჩუნოთ ის ათასობით საქმის ერთგული საჯარო მოხელე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მსახურობდა”, – განაცხადა მან და ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების გამჭვირვალობის პირობა დადო.


“ძალას არ დავიშურებთ, რომ ყველა ჩვენი სტრატეგია სრულიად გამჭვირვალე იყოს. მედიისა და არასამთავრობო სექტორის მუშაობას საქართველოში ხელს შევუწყობთ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ბევრი საპარლმენტო დელეგაცია ეწვევა და თავად დარწმუნდება ჩვენი მუშაობის სისწორეში”, – აღნიშნა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი