“მე ვფიქრობ, რომ ოსეთს და აფხაზეთს ჩვენს დელეგაციასთან ერთად საშუალება ექნებათ მოუსმინონ აქ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები არ არის გახსნილი იმისათვის, რომ თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით მოხერხდეს თანამშრომლობა.
ივანიშვილს შეკითხვები დაუსვეს უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებითაც, რაზეც მან უპასუხა, რომ ამ კუთხით ნებისმიერი უფლებადარღვევის ფაქტზე ძალიან მკვეთრი რეაქცია იქნება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან:
“ჩვენს გუნდს აბსოლუტურად გამჭვირვალე და გახსნილი ურთიერთობა გვაქვს უმცირესობების მიმართ”.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონზე, რომელსაც პარლამენტი უახლოეს მომავალში მიიღებს.
კიდევ ერთი შეკითხვა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ კუთხით საქართველოში ნორმალური ვითარებაა, თუმცა საჭიროებს გაუმჯობესებას. მისივე თქმით, საქართველო შეასრულებს ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას რეგიონული ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირების კუთხით. მისივე თქმით, გაუმჯობესდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაც:
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს მათთვის ისეთივე სამშობლო, როგორც ქართველებისათვის”.
