ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც თავს დაესხნენ ამბობს, რომ პოლიცია აშანტაჟებდა

4 აგვისტო, 2017 • 5824
ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც თავს დაესხნენ ამბობს, რომ პოლიცია აშანტაჟებდა

ტრანსგენდერი ქალი აცხადებს, რომ 3 აგვისტოს საღამოს საათებში მას და მის მეგობარ 2 ტრანსგენდერ ქალს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ თავს დაესხა ელექტროშოკებითა და წიწაკის სპრეით შეიარაღებული 2 პირი. ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ მათ მუქარით მოსთხოვა მომხდარზე განცხადება არ დაეწერათ, შსს-ში კი აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმეს ძალადობის მუხლით  იძიებენ და შესაძლო მუქარას გამორიცხავენ.

ერთ-ერთი დაზარალებულის მირანდა ფაღავას ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც თავდამსხმელები ადგილზე დააკავეს, თუმცა სავარაუდოდ, დაკავებულების ვინაობის გაგების შემდეგ, პოლიციელები სთხოვდნენ ტრანსგენდერ ქალებს, რომ განცხადება არ დაეწერათ. რაზეც უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულის თქმით, პოლიცია მათ აშანტაჟებდა და დაკავებით ემუქრებოდა, ასევე ეუბნებოდნენ, რომ “გამოუჩხრიკავდნენ რაღაც საქმეებს”. ფაღავა ამბობს, რომ მუქარის დამადასტურებელი ფარული ვიდეო ჩანაწერი აქვს.

ფაღავას თქმით, ადგილზე მომხდარიდან მალევე მოვიდნენ პატრულის ეკიპაჟებიც და იქ დაახლოებით პოლიციის ექვსი მანქანა იყო. მისი თქმით, თავდასხმისას მათ მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები სახის არეში, მათ შორის დამწვრობები და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ვიდრე მათ დახმარებას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი უწევდა, პოლიციელებიც ასევე გამოელაპარაკნენ დაკავებულებს და ამის შემდეგ სთხოვდნენ, რომ განცხადება არ დაეწერათ. ეუბნებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ვიდეო მასალა, სადაც ჩანდა, რომ დაზარალებული ტრანსგენდერი ქალები მანამდე თავდამსხმელების მანქანას ლეწავდნენ. ფაღავას თქმით, ასეთი ფაქტი არ მომხდარა და თავდამსხმელები ადგილზე ტაქსით მივიდნენ. ასევე, დარწმუნებულია, რომ ვერც პატრულის და ვერც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ვიდეო ჩანაწერს ვერ ნახავდნენ, რადგან კამერები სამინისტროსია და იქიდან მასალას ამოსაღებად სპეციალური ორდერია საჭირო.

დაზიანებები, რომლებიც დაზარალებულ ტრანსგენდერ ქალს აღენიშნება. ფოტო: პირადი ფეისბუკი

დაზიანებები, რომლებიც დაზარალებულ ტრანსგენდერ ქალს აღენიშნება. ფოტო: პირადი ფეისბუკი

“ამის შემდეგ მივხვდი, რომ მათთან ადვოკატის გარეშე ლაპარაკი არ შეიძლება და მიკერძოებულები იყვნენ სამართალდამცავები. ახლა ველოდები ჩემს ადვოკატს, რათა დავწერო განცხადება და საქმეში ჩაერთოს გენინსპექცია. მომხდარზე ინფორმაციას მივაწვდი სახალხო დამცველსაც. ჩემი მეგობრები დააშინეს და მეუბნებოდნენ, რომ არ დავწერო განცხადება, მაგრამ მე დავიცავ ჩემს უფლებებს,” – ამბობს მირანდა ფაღავა.

შსს-ში აცხადებენ, რომ თავდასხმის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას ითვალსიწინებს. ასევე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. უწყება უარყოფს სავარაუდო მუქარას დაზარალებულების მიმართ.

2 აგვისტოს გვიან ღამით ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც. შსს ამ თავდასხმას ძალადობის მუხლით იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი