“საქართველოს ბანკი გადადის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზირებული სამსახური, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი ერთი წლის წინ დააარსა.
ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ახალი მომსახურების ეფექტურობა და დავრწმუნდით, რომ ის მკვეთრად აუმჯობესებს ბანკის უსაფრთხოებას. ბანკის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინკასატორებს ეცნობათ წინასწარ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიური ბონუსის ჩათვლით, გათავისუფლების შემთხვევაში ასევე გადაუხდის კანონით დადგენილ კომპენსაციასაც, დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზება, გაეარათ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით”, – ნათქვამია საქართველოს ბანკის განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო newspress-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 12–დან 14 საათამდე, საქართველოს ბანკის ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის ინკასატორები გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ. თბილისის ჯგუფი კი საქართველოს ბანკის ყოფილ ცენტრალურ ოფისთან, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს.
