ახალი ამბები

ივანიშვილი: დავითაშვილს საკმაოდ ვეჩხუბე

22 აპრილი, 2013 • 1399
ივანიშვილი: დავითაშვილს საკმაოდ ვეჩხუბე

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრის, კობა დავითაშვილის ჯანდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდების შესახებ კომენტარს აკეთებს.

 

“დღეს დავითაშვილს დავურეკე და საკმაოდ ვეჩხუბე, რამეთუ უნდა მოახერხოს მან და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები. მუდამ ახერხებს გარედან რაღაც ინფორმაციის შემოტანას. თანაც არაფერს არ ეფუძნება ის, რასაც აკეთებს დავითაშვილი. ძალიან საწყენი იყო, რომ მან ეს გააკეთა. მე მას ავუხსენი, რომ თუ მას გუნდში დარჩენა სურს, რაღაც ანგარიში უნდა გაუწიოს მას. პირველი ინფორმაცია მაინც გუნდში გააჟღეროს და არა გარეთ. ელემენტარული წესები არსებობს ყველაფერში. სერგეენკო არის უპატიოსნესი კაცი. ეს თემა ხელოვნურად არის მოგონილი და არავითარ კორუფციასთან არ აქვს შეხება. ის აბსოლუტურად წესიერი კაცია,”- განაცხადა პრემიერმა დღეს სტრბასბურგში ჟურნალისტებთან.

 

კობა დავითაშვილმა დღეს პრესის საშუალებით დაუსვა მინისტრს შეკითხვები და მისგან საჯარო განმარტებები მოითხოვა. დავითაშვილმა განაცხადა: “დავით სერგეენკოს საქმიანობაში აშკარად ჩანს ლობირება კერძო სადაზღვევო კომპანიების. ეს არის დაუფარავი, ეს ჩანს მის ყველა ნაბიჯში, დაწყებული იმით, თუ როგორი სქემა შემოგვთავაზა პირველადი ექიმებით და დასრულებული იმ ფაქტით, თუ როგორ გაუგრძელა ამ უთოფო ყაჩაღებს ერთი წლით ხალხის ძარცვისა და ბიუჯეტის ძარცვის ხელშეკრულება… ძალიან კარგი იქნება, თუ პრესით გაეცნობა ბატონი სერგეენკო ჩენს შეკითხვებს. მისგან მოვითხოვ დამაჯერებელ პასუხებს ამ საკითხებზე”.

 

დავითაშვილი ამბობს, რომ დიდხანს იკავებდა თავს საჯარო კრიტიკისგან:

 

“აღარ ვაპირებ გაჩუმებას, მეტიც, როგორც ჩანს, ადრე უნდა დამეწყო კრიტიკა და უკეთესი იქნებოდა და ცოტა შეფხიზლდებოდა საღათას ძილში მყოფი სამინისტრო. მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ტარდება დღეს ჯანდაცვის სფეროში, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ კურსს, რომელიც აირჩია “ქართულმა ოცნებამ” და რომლის გამოც ხალხმა “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა. მე უკვე შიშით ვუყურებ იმ პაკეტს, რომელიც ივლისიდან ამუშავდება,” – აცხადებს კობა დავითაშვილი.

 

დავითაშვილის განცხადებას თავად ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი მას მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს:

 

“ბატონი კობა ბრალს მდებს ძალიან მძიმე დანაშაულში, კორუფციაში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის მიერ. მან ან უნდა დაადასტუროს, დოკუმენტები წარმოადგინოს, ან მოიხადოს საჯაროდ ბოდიში”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი