ახალი ამბები

დავითაშვილი სერგეენკოს უპირისპირდება

22 აპრილი, 2013 • 1080
დავითაშვილი სერგეენკოს უპირისპირდება

დავითაშვილმა შეკითხვებით ჯანდაცვის მინისტრს გაზეთ “ქრონიკის” საშუალებით მიმართა და მისგან ამ შეკითხვებზე პასუხები საჯაროდ მოითხოვა.

 

დავითაშვილის თქმით, კერძო სადაზღვევო კომპანიები დღემდე ინარჩუნებენ მონოპოლიას:

 

“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ახალმა მთავრობამ მიიღო ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, როდესაც ამ სადაზღვევო კომპანიებს ეს კონტრაქტები, რომლებიც 2013 წლის 1 აპრილს უმთავრდებოდათ, ერთი წლის ვადით გაუგრძელა,” – აცხადებს კობა დავითაშვილი.

 

დეპუტატი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გადაისინჯოს ეს გადაწყვეტილება, რადგან მისი ინფორმაციით, პირველადი პაკეტით, რაც ყველა დაუზღვეველისთვის მოქმედებს, მომხმარებლები სათანადო მომსახურებას ვერ იღებენ:

 

“უამრავი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიები თანხის გადარიცხვას აჯანჯლებენ,” – აცხადებს დავითაშვილი და კონკრეტულ მაგალითს ასახელებს “არქიმედე გლობალ ჯორჯიასთან” დაკავშირებით, რომლის დირექტორიც, გაზეთ “ქრონიკის” ცნობით, არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ძმისშვილი.

 

დავითაშვილის თქმით, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო “ნორმალური პაკეტი” მოქალაქეებისთვის, თუმცა შემდეგში მოხდა კერძო სადაზღვევო კომპანიების ლობირება და შემცირდა სადაზღვევო პაკეტი 2.5 ლარიდან 1.11 ლარამდე.

 

“მე და ჯანდაცვის კომიტეტმა ვიცოდით, რომ ამ პაკეტს საფრთხე არ დაემუქრებოდა. ბოლო მომენტში ჩვენთან შეუთანხმებლად ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება, მე დავით სერგეენკოსთან მაქვს საჯარო შეკითხვა – ბატონო დავით, ვისი გავლენით მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან, რომელიც არ აწყობს არც ხალხს, არც ექიმებს და ეს არის მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელში, ზოგადად”.

 

დავითაშვილის თქმით, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტი ამუშავებს ჯანდაცვის ახალ პაკეტს:

 

“მთავრობის დადგენილება გაუქმდება კანონით, რომელიც მაღლა დგას მთავრობის დადგენილებაზე. ეს არის ჩემი გზავნილი ჯანდაცვის მინისტრისა და სადაზღვევო კომპანიების მიმართ… ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს საქმიანობაში აშკარად ჩანს ლობირება კერძო სადაზღვევო კომპანიების. ეს არის დაუფარავი, ეს ჩანს მის ყველა ნაბიჯში, დაწყებული იმით, თუ როგორი სქემა შემოგვთავაზა პირველადი ექიმებით და დასრულებული იმ ფაქტით, თუ როგორ გაუგრძელა ამ უთოფო ყაჩაღებს ერთი წლით ხალხის ძარცვისა და ბიუჯეტის ძარცვის ხელშეკრულება… ძალიან კარგი იქნება, თუ პრესით გაეცნობა ბატონი სერგეენკო ჩენს შეკითხვებს. მისგან მოვითხოვ დამაჯერებლ პასუხებს ამ საკითხებზე”.

 

დავითაშვილი ამბობს, რომ დიდხანს იკავებდა თავს საჯარო კრიტიკისგან:

 

“აღარ ვაპირებ გაჩუმებას, მეტიც, როგორც ჩანს, ადრე უნდა დამეწყო კრიტიკა და უკეთესი იქნებოდა და ცოტა შეფხიზლდებოდა საღათას ძილში მყოფი სამინისტრო. მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ტარდება დღეს ჯანდაცვის სფეროში, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ კურსს, რომელიც აირჩია “ქართულმა ოცნებამ” და რომლის გამოც ხალხმა “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა. მე უკვე შიშით ვუყურებ იმ პაკეტს, რომელიც ივლისიდან ამუშავდება,” – აცხადებს კობა დავითაშვილი.

 

დეპუტატის თქმით, მას აინტერესებს:

 

“რატომ გახდა ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიების სამინისტრო და არა პაციენტების, ექიმებისა და კლინიკების სამინისტრო?”

 

დავითაშვილის განცხადებით, სადაზღვევო თანხები გაორმაგდა და 633 მილიონ ლარს შეადგენს:

 

“ხომ ხედავთ, ძალიან მსუყე ლუკმაა და ძალიან არ ემეტებათ სადაზღვევო კომპანიებს ეს ლუკმა პირიდან გააგდონ… მე, კობა დავითაშვილი ვეუბნები ყველა სადაზღვევო კომპანიას, რომ ეს ფული მათ არ შერჩებათ”.

 

ჯერ უცნობია, რა ფორმით უპასუხებს დავით სერგეენკო დეპუტატის შეკითხვებს: ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მინისტრი სამინისტროში ჯერ არ მისულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი