ახალი ამბები

შსს იუთუბერის ვიდეოში შესაძლო მუქარის ფაქტს იძიებს

31 ივლისი, 2017 • 3259
შსს იუთუბერის ვიდეოში შესაძლო მუქარის ფაქტს იძიებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტში სავარაუდო მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.

ნიკა ჩანჩალაშვილმა, რომელიც სოციალურ ქსელ იუთუბში ვიდეოებს “პროვოკატორის” სახელით აქვეყნებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ მას, ვინც მისთვის სასურველ პირს ფიზიკურად გაუსწორდებოდა და ამის ამსახველ ვიდეოს გადაიღებდა, 500 დოლარს გადაუხდიდა. ვიდეო ამ დროისათვის მის გვერდზე აღარ არის ატვირთული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინაორებს, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას ითვალისწინებს, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი