აღნიშნულ ღონისძიებას პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული პირები, გიორგი ზერეკიძე, აკაკი დარასელია, ვახტანგ მაისაია და სხვა ადამიანები ესწრებოდნენ.

 

“ჩვენ გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ასობით ადამიანი იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და ათასობით ადამიანი უკანონოდ იხდიდა სასჯელს. წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია “ქართული ოცნება” ჩვენ დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მისი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტპატიმრები ციხიდან გავთავისუფლდით. შეინიშნება სამართლიანობის აღდგენა და სწორედ ამიტომ ყოფილი პოლიტპატიმრები დღეს მოვედით იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატ თამარ კორძაიას მხარი დავუჭიროთ ნაძალადევის რაიონში. გვინდა მივმართოთ მოსახლეობას, რომ თუ არ გვინდა დავბრუნდეთ იმ პირობებში, რაშიც ცხოვრება გვიწევდა გასული წლების განმავლობაში, მხარი დაუჭირონ ქალბატონ თამარს”, – განაცხადა გიორგი ზერეკიძემ, რომელიც საპატიმროში 14 წლის ასაკში აღმოჩნდა 2008 წლის დასაწყისში. მას თავის დროზე ბრალი ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღობასა და ხულიგნობაში დაედო.


მოძრაობა “არას” ყოფილი წევრის, აკაკი დარასელიას განცხადებით კი, დღეს საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეცვლილია, აღარ მიმდინარეობს რეპრესიები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე, რაც სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებაა.


“გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის, “ქართული ოცნების” და კონკრეტულად თამარ კორძაიას მიმართ”, – აღნიშნა მან.


თამარ კორძაიამ ყოფილ პოლიტპატიმრებს მის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნაძალადევის მოსახლეობა 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზეც ისეთივე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, როცა საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარული წესით შუალედური საპარლამენტო არჩევნები, ნაძალადევის გარდა, სამტრედიის და ბაღდათის საარჩევნო ოლქებშიც გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *